Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიერ დაბრუნებული ქალაქები და სოფლები - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ოქტომბერს


უკრაინის არმიამ ოკუპირებული ქალაქი ლიმანი დაიბრუნა

უკრაინის ქალაქ ლიმანის თავზე ისევ უკრაინული დროშა ფრიალებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინის არმიამ გუშინ დაიბრუნა. ამის შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა.

უკრაინელებმა დაიბრუნეს კონტროლი სოფელ ნოვოვორონცოვკაზე რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთით.

გუშინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა ქალაქ ლიმანის დაბრუნებას. მისი თქმით, ეს აშკარა სამხედრო პროგრესის ნიშანია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა თავიანთი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარედგინება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღეს, 3 ოქტომბერს წარედგინება. ცნობილია, რომ მომავალ წელს სამინისტროების დაფინანსება იზრდება:

იზრდება ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 653.7 მილიონი ლარი, რომელიც მიმდინარე წელს 932,404.9 მილიონი ლარი იყო.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

რომის პაპი ფრანცისკე პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპმა, ფრანცისკემ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინაში ომის "ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი".

ფრანცისკეს ეს განცხადება, რომელიც 2 ოქტომბერს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო გამოსვლისას გააკეთა, იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება.

რომის ეკლესიის მეთაურმა ასევე დაგმო ბირთვული ომის მზარდი საფრთხე და მას "აბსურდული" უწოდა. ფრანცისკემ ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, "გახსნილი იყოს" ომის დასრულებისთვის სამშვიდობო წინადადებებისთვის.

პაპის განცხადება მოჰყვა ორი დღის წინ კრემლში პუტინის გამოსვლას, როცა მან განაცხადა რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების შესახებ.

წაიკითხე მეტი.

დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წლის საპატიო თბილისელები დაასახელა. წელს სიაში მოხვდა "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია.

საპატიო თბილისელის ტიტული სულ 20 ადამიანს მიენიჭა:

  • შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
  • თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;
  • ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;
  • ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;
  • მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;
  • მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;
  • ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი;
  • ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;
  • ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;
  • გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;
  • ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;
  • ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;
  • რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;
  • ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;
  • მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;
  • ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;
  • ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;
  • ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;
  • ელდარ შენგელაია - რეჟისორი;
  • დემნა გვასალია - დიზაინერი.

პუტინის ანექსია და ზელენსკის განაცხადი ნატოში - რა ხდება?

ერთ საათში მას შემდეგ, რაც კრემლში ხელი მოეწერა „ხელშეკრულებებს“ უკრაინის ოლქების შეერთების შესახებ და პუტინმა კიევს წამგებიანი დიალოგი შესთავაზა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით. ალიანსში კი განაცხადეს, რომ ამის უფლება უკრაინას აქვს.

რამდენად შესაძლებელია უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრება და აპირებს თუ არა ნატო უკრაინის განაცხადის განხილვას? - 30 სექტემბერს კითხვა ჟურნალისტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუსვეს პრესკონფერენციაზე, სადაც მან მკაფიოდ და ცალსახად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსია.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ, ყირიმის მსგავსად, სწორედ უკრაინის არის დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი - რუსეთის მიერ ახლად ანექსირებული ოლქები, და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისებას ალიანსი ვერასოდეს შეეგუება.

უკრაინის განაცხადზე სტოლტენბერგს არ უთქვამს, რომ ნაადრევია. მისი პასუხი იყო, რომ ევროპის ყველა დემოკრატიას აქვს უფლება გააკეთოს განაცხადი ნატოში გაწევრებაზე, ალიანსის წევრები პატივს სცემენ ამ უფლებას“, „უკრაინას აქვს ამისი უფლება და მსგავს გადაწყვეტილებებს ნატოში კონსენსუსის გზით იღებენ. თუმცა სტოლტენბერგმა ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნატოს წევრების მთავარი ამოცანაა - „უკრაინის გადაუდებელი დახმარება, დაიცვას თავი რუსეთის ბრუტალური შეჭრისგანდა დახმარება იქნება ბოლომდე, ვიდრე უკრაინას დასჭირდება.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

"რუსები, უმეტესად მამაკაცები, რომლებსაც გაწვევის ასაკი აქვთ, დიდი რაოდენობით მარტივად გადადიან საზღვარზე, შეიძლება ითქვას, სირბილით... ზუსტად წუთი იყო საჭირო მათ გასატარებლად და სამი დღე ჩვენ გასაშვებად..."

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მიგრანტების ახალი ტალღა მოაწყდა. ჩრდილოკავკასიელები ამბობენ, რომ საზღვარზე მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. დამატებითი შემოწმებისთვის მათ კაბინეტ N222-ში გზავნიან. ისინი ამ კაბინეტის წინ, რიგში ხანდახან დღეები დგანან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG