Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვას სიტყვების გამო რუსეთის ელჩი ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის საელჩო ყაზახეთში. ასტანა, 2014 წ.
რუსეთის საელჩო ყაზახეთში. ასტანა, 2014 წ.

ყაზახეთში რუსეთის ელჩი ალექსეი ბოროდავკინი ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სიტყვების გამო უკრაინის ელჩის, პეტრო ვრუბლევსკის ასტანაში დაბრუნების გამო. ვრუბლევსკიმ ადრე „რუსების დახოცვას“ დაუჭირა მხარი.

ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია იმის გამო, რომ თავისი გამონათქვამების შემდეგ ვრუბლევსკი „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის რანგში განაგრძობს დიპლომატიური მიღებების მონახულებას“. ზახაროვას თქმით, ასტანამ პირობა დადო, რომ ვრუბლევსკი დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ არ ასრულებს დაპირებას. ზახაროვამ ასევე თქვა, რომ ვრუბლევსკის სიტყვებში შეინიშნება ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის დარღვევა.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა თქვა, რომ ზახაროვას განცხადება „დისონანსშია ყაზახეთისა და რუსეთის, როგორც თანასწორუფლებიანი სტრატეგიული პარტნიორების, სამოკავშირეო ურთიერთობებთან“.

„ჩვენც არ გვესმის, რა სისხლის სამართლის პასუხისგებაზე ლაპარაკობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინაიდან ყაზახეთში უკრაინის ელჩი, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობს,“ განაცხადა სმადიაროვმა. მისი სიტყვებით, ვრუბლევსკი მალე დატოვებს ქვეყანას და ახალი ელჩი დაინიშნება.

მიმდინარე წლის აგვისტოში პეტრო ვრუბლევსკიმ ბლოგერ დიას კუზაიროვისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ილაპარაკა რუსების მკვლელობის შესახებ. კერძოდ, მან განაცხადა: „ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მოვკლათ ისინი. რაც მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით ნაკლების მოკვლა მოუწევთ ჩვენს შვილებს.“ მაშინ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოუხატა უკრაინის ელჩს.

XS
SM
MD
LG