Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ, ამას ფასების ზრდა შეიძლება მოჰყვეს


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.

ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, ეს იმას გამოიწვევს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები მაღალი დარჩება ან შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ძირითადი შემცირება მოხდება საუდის არაბეთისა და რუსეთის ხარჯზე.

შეერთებულმა შტატებმა ადრე გააფრთხილა OPEC+-ის წევრი ქვეყნები, რომ არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. CNN-ის წყაროების თანახმად, თეთრ სახლში „კატასტროფა“ და მტრული ნაბიჯი უწოდეს OPEC+-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას. აშშ-ის დიპლომატია და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობდნენ სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის დარწმუნებას, არ დათანხმებოდნენ მას, ვინაიდან შიშობენ, რომ ნავთობის ფასების ზრდამ შესაძლოა აშშ-ში ინფლაცია გამოიწვიოს, რაც თეთრი სახლისთვის დარტყმა იქნება კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. აშშ-ის უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული კარტელზე.

სამშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელშიც შედის რუსეთის ნავთობის ფასებზე ზღვრული შეზღუდვის დაწესება. მანამდე დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, შეიზღუდოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის ფასების ზღვარი, მიიღეს „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა: გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ. ბარელ ნავთობზე ფასების ზღვრები მოგვიანებით გამოცხადდება. თავად გადაწყვეტილება 5 დეკემბრიდან ამოქმედდება. დასავლეთის მრავალმა ქვეყანამ უკვე დააწესა ან უახლოეს მომავალში დააწესებს ემბარგოს რუსეთის ნავთობის იმპორტზე.

მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ივაჭრებს ნავთობით, თუკი ფასები მისთვის მომგებიანი არ იქნება. თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ნავთობის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში. მოსკოვი ამ ქვეყნებში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი გახდა. როგორც იტყობინებიან, ექსპორტი მნიშვნელოვანი შეღავათებით წარმოებს მსოფლიო ბაზრების ფასებთან შედარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG