Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და გენერლებს მიმართავს


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს და ადმირალებს მიმართა, რომ ისინი მოატყუეს და უღალატეს. რეზნიკოვის რუსულენოვანი ვიდეომიმართვა დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, მიმართავს რუს ოფიცრებს და სარდლობას, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

რეზნიკოვის განცხადებით, ის არ შეეხება ფრონტზე დღეს არსებულ სიტუაციას, რომელიც რუსმა სამხედროებმაც კარგად იციან, სურს ილაპარაკოს მათ მომავალზე და უთხრას სიმართლე. თავდაცვის მინისტრი აღწერს უკრაინის არმიის მთავარსარდლის, გენერალ ზალუჟნის და სახმელეთო, საჰაერო, სადესანტო და საზღვაო ძალების სარდლების ხელმძღვანელობით უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე ოპერაციების წარმატებულ შედეგებს და რუს სამხედროებს მიმართავს:

„და სად არის თქვენი დესანტი? თქვენ იცით. იქ, სადაც თქვენი საზღვაო ქვეითები - სასაფლაოებზე კოსტრომაში, ფსკოვში, რიაზანში, ულიანოვსკში, კალინინგრადში, ულან-უდეში, ტულაში, ნოვოროსიისკსა და სხვა ქალაქებში. თქვენი მედესანტეები ახლაც იღუპებიან დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. მათ თავისი საქმე იციან, მაგრამ ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა გარდაუვალ სიკვდილზე მათი გაგზავნა. რატომ ხდება ასე? ყველაფერი მარტივადაა. თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუს სამხედროებს იოლად გასეირნებას დაჰპირდნენ და სინამდვილეში ხაფანგში გაგზავნეს, დღეს კი, ვიღაცის ფანტაზიების და ცრუ მიზნების ფასს საკუთარი სისხლით იხდიან. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, დღეს რუს სამხედროებს არ უსმენენ, რადგან მათი მოსმენა შეცდომების აღიარება იქნებოდა, მოსკოვში კი, სიმართლე არ უყვართ და ურჩევნიათ იმაზე ილაპარაკონ, როგორ გმირულად იღუპებიან რუსი ჯარისკაცები გამოგონილ, ნატოს ძალებთან ბრძოლაში.

„ჩვენი პრეზიდენტი თავის არმიასთან ერთადაა. და სად არის თქვენი? თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ ქალაქებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კეთილ მეზობლებად გთვლიდნენ და რუსულად ლაპარაკობდნენ. დღეს კი, მტრობა დაითესა მომავალ თაობებშიც. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა, რომ სიმართლის გამო სიკვდილისთვის არ გაგზავნეს. იქნებ, ამიტომ იმალება თქვენი(პრეზიდენტი) ბუნკერში? მას ეშინია თქვენი გამოფხიზლების, ზიზღის და სამართლიანი რისხვის“, - მიმართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს სამხედროებს.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის დამცველი მეომრები არიან გმირები, მათით ყველა ამაყობს და ომის შემდეგ ზრუნვას არ მოაკლებენ:

„და ვინ ხართ ახლა თქვენ? ვინ იქნებით ამ ომის შემდეგ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, როცა ისინი სიმართლეს გაიგებენ? როგორ შეხვალთ ისტორიაში? როგორც ისინი, ვინც ერთი დროშის ქვეშ იბრძოდით მსჯავრდადებულებთან ერთად? თქვენც მეხსიერებაში დარჩებით, როგორც ქურდები, მოძალადეები და მკვლელები. გეტყვით, რა იქნება შემდეგ - ათასობით რუსი ბიჭი დაიღუპება და კიდევ უფრო მეტი დარჩება ხელ-ფეხის გარეშე“.

XS
SM
MD
LG