Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: მიშა კვდება და ერი დუმს


„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც სასჯელს იხდის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ წერილს აქვეყნებს.

„ციხეში ყოფნის უპირატესობები. დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა. საოცარი სურათია:

  • მიშა კვდება და ერი დუმს;
  • ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს;
  • მთავარი არხი რეგიონებში იმედს უგებს, ამ დროს მთავარი სულს ღაფავს, იმედი ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)
  • სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს. სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს;

გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე.

რა კარგია ციხეში ყოფნა", - წერილი „ფეისბუკზე", ნიკა გვარამიას ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს, კლინიკა „ვივამედის" (რომელშიც ამჟამად იმყოფება) გენერალურ დირექტორს მიმართა, ამერიკელ ექიმს საშუალება მისცენ, მას ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ჯანაშიამ 6 ოქტომბერს თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

XS
SM
MD
LG