რუსეთი ერთგული დარჩება განცხადებისა ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობის შესახებ, თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „უკრაინის გარშემო კრიზისის კონტექსტში სწორედ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ცდილობენ აქტიურად შემოიტანონ საჯარო ხმარებაში ბირთვული რიტორიკა“.
მან ისაუბრა იმაზე, რომ ექსპერტები სულ უფრო ხშირად ახსენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. შეკითხვაზე, მართლა მზად არის თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის, ლავროვმა თქვა, რომ „ბირთვული იარაღის ჰიპოთეზური გამოყენება მკაფიოდ არის შეზღუდული საგანგებო ვითარებებით იმ სცენარების ფარგლებში, რომლებიც განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინასა და სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში, ბირთვული შეკავების სფეროში,“ თქვა ლავროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი კვლავაც ერთგულია ბირთვული იარაღის მქონე ხუთი ქვეყნის ლიდერთა 3 იანვრის განცხადებისა, რომელშიც დადასტურებულია პოსტულატი ბირთვული ომის დაუშვებლობის შესახებ“.
რაც შეეხება დასავლეთის მუქარას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის, ეს დასავლელი დიპლომატების სინდისზეა და მოსკოვი არ აპირებს მათთან ამის თაობაზე ლაპარაკსო, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.