Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრივის ფედერაცია კულტურის სამინისტროდან სპორტის გამოყოფის თხოვნით პრემიერს მიმართავს


დავით წიკლაური
დავით წიკლაური

კრივის ფედერაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, კულტურის სამინისტროს გამოეყოს სპორტი და ცალკე სამინისტროდ ან დეპარტამენტად ჩამოყალიბდეს. როგორც კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, მსგავსი სურვილი ამჟამად 10-მდე ფედერაციას აქვს.

"შეიძლება დღეს არ მოხდეს, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ ცალკე გამოიყოს სპორტი და ჰყავდეს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ყველა მიმართულებით როგორც ფედერაციებს, ისე სპორტსმენებს...

პირდაპირ კომუნიკაციაში ვიქნებით და სპორტზე იქნება მხოლოდ ფიქრი. ძალიან ძნელია დღეს ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის იფიქროს ყველა დარგზე - კულტურაზე, ახალგაზრდობაზე და სპორტზე", - ამბობს დავით წიკლაური და დასძენს, რომ ამ საკითხზე ფიქრობენ 2017 წლიდან, როცა რამდენიმე უწყება გაერთიანდა ერთ სამინისტროდ.

კრივის ფედერაციის ამ მიმართვამდე რამდენიმე დღით ადრე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით წიკლაური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

"ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, ეს არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ამას ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ ქართულ კრივს იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელობაში, ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.

დავით წიკლაურმა კი თქვა, რომ მინისტრს საკადრისი პასუხი გასცა.

"ხელი არ დამირტყამს არავისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე რომ იქ ვინმესთვის ხელი დამერტყა ან მეძალადა, მე გარეთ ვიქნებოდი?" - აღნიშნა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა.

წიკლაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თხოვნა ამ ინციდენტს არ უკავშირდება: "არ გაუსვათ ხაზი ამ საკითხს, რადგან ეს შეურაცხყოფა იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც სპორტის გულშემატკივარია..."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG