Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იერიშის შედეგი უკრაინაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ოქტომბერს


უკრაინა წყვეტს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში

უკრაინა აჩერებს ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს, რომელსაც რუსეთის გაზზე უარის თქმის შემდეგ ენერგოსტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინა. ამის მიზეზი რუსეთის იერიშებია უკრაინის ქალაქებზე. ქვეყანა იძულებულია დაზოგოს გამომუშავებული ელექტროენერგია.

11 ოქტომბერს რუსეთმა ზედიზედ ორჯერ განახორციელა სარაკეტო იერიში უკრაინის ერთ-ერთ მსხვილ ენერგოობიექტზე - ლადიჟინის თბოელექტროსადგურზე, რომელიც 1 800 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ელექტროენერგიის ექსპორტი გუშინ შეწყდა. რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე კოორდინირებულ სარაკეტო იერიშებს „ენერგოშანტაჟის“ მორიგ გამოვლინებად მიიჩნევენ ევროკავშირსა და ნატოში, რომლებიც ფაქტის დაგმობის გარდა, პასუხის გასაცემად ემზადებიან.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

„წარმოიდგინეთ, „ვეფხისტყაოსანი“ გიჭირავთ და ფურცლებს გლეჯთ, ასეა გელათის საქმეც“ - გელათი სამკურნალოა

გელათის მონასტერში ისევ წყალი ჟონავს და მრავალსაუკუნოვან ფრესკებს აზიანებს. ხელოვნებათმცოდნეები კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლზე უკვე მიყენებულ დიდ ზიანზე საუბრობენ.

„წარმოიდგინეთ, წინ გიდევთ „ვეფხისტყაოსანი“, რომლიდანაც ფურცლებს გლეჯთ. დაახლოებით ამ ტიპის წონასწორობაა დღეს ჯანსაღ დამოკიდებულებასა და იმ პროცესს შორის, რომელიც დღეს გელათში მიდის“, - გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილმა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.

რამდენიმე დღის წინ მან „საუკუნის დანაშაული“ უწოდა გელათში ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანებას - მის საჯარო პოსტს ფეისბუკზე თან ფოტოც ახლდა, რომელზეც მოჩანდა დაზიანებული ღაწვის მონაკვეთი.

ვაჩეიშვილი წერდა, რომ დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილი მოზაიკის ზედაპირი ისედაც ცვენის პირას იყო და ტაძარში ჩასულმა წყალმა წმინდა მარიამის სახის ადრე ტონირებული, ყველაზე სუსტი მონაკვეთი ჩამოაგდო. მოზაიკის გარშემო გაჩნდა ლაქებიც.

რა ბედი ელის გელათს, სანამ კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მედია გელათზე დეზინფორმაციას ავრცელებს? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გაიმართება

12 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილია ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. შეხვედრის მიზანია უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გამტკიცება.

მინისტერიალის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი იდგება უკრაინის გვერდით სადამდეც ეს საჭირო იქნება. მან დაამატა: „ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, რომ უკრაინამ დაიცვას თავი და გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები“.

ნატოს მინისტერიალის პარალელურად გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. მოკავშირეებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი მიაწვდის უახლეს ინფორმაციას ფრონტის ხაზიდან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მათ განმარტეს, რომ საწვრთნელი შეკრება ახალწვეულთა ასეულთან ჩატარდება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად და სასწავლო პროცესისთვის.

წაიკითხე მეტი.

გახსნის თუ არა ლუკაშენკა მეორე ფრონტს?

ბელარუსში, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოემზადოს რუსი სამხედროების მისაღებად. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა და, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინასთან ომში.

რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენა ბელარუსი პლაცდარმად უკრაინაში შეჭრისთვის, მაგრამ ლოგისტიკის პრობლემებმა და უკრაინის არმიის მზარდმა წინააღმდეგობამ რუსეთის სარდლობა აიძულა მიეტოვებინა კიევის მისადგომები და უკან დაეხია.

ბელარუს-უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან კიევამდე, სულ რაღაც, 280 კმ-ია, თუმცა კრემლის სავარაუდო გეგმებში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ შეტევა კიევზე, არამედ პოლონეთთან მოსაზღვრე ვოლინის ოლქში შეჭრაც, რათა დაიბლოკოს უკრაინისათვის დასავლური სამხედრო დახმარების მიწოდების უმნიშვნელოვანესი გზა.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG