Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლევადა ცენტრი": რუსების განწყობის ინდექსი 14 წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა


მობილიზაცია რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, 2022 წლის სექტემბერი
მობილიზაცია რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, 2022 წლის სექტემბერი

2022 წლის სექტემბრის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით (ამ თვეში რუსეთში უკრაინის ომისთვის მობილიზაცია გამოცხადდა), გამოკითხული რუსების თითქმის ნახევარი გრძნობს შიშს, სევდას, დაძაბულობას ან გაღიზიანებას. მათი განწყობის ინდექსი 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, აღნიშნულია „ლევადა ცენტრის“ გრაფიკში.

რუსეთის მოქალაქეების ეკონომიკური მოლოდინები დაცემულია ომის დაწყებამდელ ნიშნულზე, გამოკითხულთა უმრავლესობა მოელის, რომ მათი ცხოვრების დონე ერთ წელიწადში არსებულთან შედარებით, გაუარესდება.

მკვეთრ გაუარესებას მოწმობს სოციალური განწყობების ინდექსის ყველა სხვა კომპონენტიც. ყველაზე მეტად შემცირებულია ინდექსი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა გამოკითხულისა და მისი ოჯახის ცხოვრება წლის განმავლობაში. 2022 წლის სექტემბერში გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ მათი ცხოვრება გასული წლის განმავლობაში გაუარესდა. მთლიანობაში ეს ინდექსი 2002 წლის მაჩვენებლამდეა დაცემული.

ოჯახის ცხოვრების დონის ინდექსი მანამდე ორჯერ გაუარესდა - ერთხელ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს და მეორედ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, თუმცა წლევანდელ ვარდნასთან შედარებით - გაცილებით ნაკლებად.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც, თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

სერგეი შოიგუს განცხადებით, ამჟამად სასწავლო ცენტრებსა და სამხედრო პოლიგონებზე 200 000 ადამიანია მობილიზებული. გამოცემა „7x7“-ის თანახმად, 20 რეგიონის ხელმძღვანელმა მობილიზაციის გეგმის ორ კვირაში განხორციელების შესახებ მოხსენება გააკეთა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამობილიზაციო პროცესის ფარგლებში, სულ მცირე, ცხრამეტი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი, სამმა მათგანმა თავი მოიკლა.

.

XS
SM
MD
LG