ავღანეთის საკითხებში გაეროს ახალი საგანგებო წარმომადგენელი როზა ოტუნბაევა შეხვდა თალიბანის მთავრობის მაღალჩინოსნებს და მათთან განიხილა "საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის საერთაშორისო დახმარება, ნარკოტიკების მოხმარება და გოგონათა განათლების საკითხის მნიშვნელობა", - განაცხადა გაერომ 16 ოქტომბერს.
გაეროს ავღანეთის დახმარების მისიის (UNAMA) თანახმად, ქაბულში ვიზიტისას ოტუნბაევა ცალ-ცალკე შეხვდა თალიბანის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, აბდულ სალამ ჰანაფის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამირ ხან მუთაყის.
ორი მხარე "შეთანხმდა ახლო თანამშრომლობაზე" იმ მწვავე საკითხებთან დასაპირისპირებლად, რომელთა წინაშეც ავღანეთის ხალხი დგას - აცხადებს UNAMA.
ავღანეთის მედიაში გავრცელდა თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის სიტყვები, რომელთა თანახმადაც, სამინისტრომ ოტუნბაევას უთხრა, რომ "დადგა ავღანეთისა და მსოფლიოს დაახლოების დრო იმისთვის, რათა მათ გაიგონ ერთმანეთის პრიორიტეტები, პირობები, თხოვნები, და ამის მიღწევა კარგად შეუძლია UNAMA-ს".
თალიბანის მთავრობა ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.