უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლ ცხინვალელ მოხალისეებს საბანკო ვალდებულებებს გადაუვადებენ. მოხალისეებად წამსვლელებს და უკრაინაში მყოფ ჯარისკაცებს იქ ყოფნის პერიოდში საბანკო ვალების გადასახადის ვალდებულებისგან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მიიღო. ოსური მედიის ცნობით, მან დავალებები უკვე გასცა.
გაგლოევმა ე.წ. იუსტიციის მინისტრს, ოლეგ გაგლოევს დაავალა თავდაცვის სამინისტროსთან, „სბერბანკთან“ და დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნულ ბაკთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა.
„ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც დღეს დონბასში იმყოფებიან, აქვთ კრედიტები და მათ აჯარიმებენ გადახდის დაგვიანებისთვის, - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა და ე.წ. იუსტიციის მინისტრს მიმართა, - შეიმუშავეთ მოქალაქეებისთვის სესხებზე ჯარიმის გადავადების საკითხი, რომ მათი არყოფნის პერიოდში მაინც არ შეაწუხონ ბანკირებმა მათი ოჯახები".
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცხინვალიდან საბრძოლველად წავიდნენ როგორც მოხალისე მებრძოლები, ისე მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ჯარისკაცები.
დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის. ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.