Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილი „ხალხის ძალის" განცხადებებზე: ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა დასვას კითხვა


საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში გამართულ მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნებიდან" წასული „ხალხის ძალის" დეპუტატების განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესახებ. მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, თუმცა არ გმობს აშშ-ის ელჩისა და საელჩოს შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ გამოთქმულ შეფასებებს.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩენილ ძალიან ძლიერ დახმარებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნიდან გვქონდა 30 წლის განმავლობაში. ჩემი სამინისტრო, ჩვენი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო გაძლიერდეს ურთიერთობები და გაღრმავდეს", - თქვა დარჩიაშვილმა.

„ხალხის ძალის" დეპუტატების განცხადებებზე საუბრისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს კითხვის დასმის შესაძლებლობა.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს და პოზიციებს, მე მინდა გითხრათ, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დასვას კითხვა და ამ კითხვაზე მიიღოს პასუხი. ეს არის პოზიცია, რომელსაც გიზიარებთ ჩემი თვალთახედვიდან. რაც შეეხება კავშირს და ხმამაღლა საუბარს აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების სენსიტიურ თემებზე ხმამაღლა საუბარს, ამაზე მე როგორც ვიცი, მმართველ პარტიასაც ჰქონდა პოზიცია და მეც ვეთანხმები ამ ნაწილს, რომ ეს განსაკუთრებით სენსიტიური ნაწილია და ჩვენ ჩვენს პარტნიორთან ორმხრივ ფორმატში თუ რამე საკითხები გვაქვს, ის უნდა გავიაროთ. ამიტომ, მე ვუერთდები მმართველი პარტიის შეფასებას ამ ნაწილში, რომ ხელს არ უწყობს სენსიტიურ საკითხებზე ღიად საუბარი ჩვენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დეპუტატები, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნების" რიგები, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან, გამოირჩევიან საქართველოში აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით. „ხალხის ძალის" ერთ-ერთ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოძრაობა "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ - საგარეო საკითხებზე "კულისებში" განხილული საკითხების საჯაროდ გამოტანა.

XS
SM
MD
LG