Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხის ძალა" აშშ-ის დაფინანსებაზე განცხადებას აქვეყნებს: „მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა"


ფოტოკოლაჟი: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი
ფოტოკოლაჟი: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც „ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, მორიგი განცხადება გამოაქვეყნეს. მისი შინაარსი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში მის საელჩოს ეხება.

მოძრაობა „ხალხის ძალის" დამფუძნებლები ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების მიზნებს.

„მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოთხი დეპუტატის აზრით, საქართველოს აკისრებენ რუსეთის შეკავების ფუნქციას.

„საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

„ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება", - აცხადებენ პოლიტიკოსები.

დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს იმაზე, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ოთხეულის განცხადებებს. პაპუაშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და ელჩი "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატებთან გადაამისამართა.

"ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი", - ამბობს პაპუაშვილი.

13 სექტემბერს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი პარტიიდან გასული ოთხი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩება.

„ეს ყველაფერი ძალიან მარტივად განიმარტება ფორმალურადაც და არაფორმალურადაც - ისინი არ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად, ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული პრაქტიკა, რომ აუცილებელი არაა უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“, - განაცხადა კობახიძემ.

15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, „ხალხის ძალის" განცხადებებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".

XS
SM
MD
LG