ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის XX ყრილობამ, რომელიც 23 ოქტომბერს დასრულდა, მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის პოსტზე სი ძინპინის ხელახალ, მესამე 5-წლიანი ვადით არჩევას.
ყრილობამ ასევე დაამტკიცა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა. სიაში არ მოხვდა პოლიტბიუროს ამჟამინდელი მუდმივი კომიტეტის შვიდი წევრიდან ოთხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი.
ჩინეთის ყოფილი ლიდერი, 79 წლის ჰუ ჯინტაო, რომელიც ასევე ესწრებოდა ყრილობას, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს სი ძინპინის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, რამაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა მისი დევნისა და შესაძლო დაპატიმრების შესახებ, თუმცა პეკინის ოფიციალური განმარტებით, „ყოფილი გენერალური მდივანი თავს ცუდად გრძნობდა და თანაშემწეები დაეხმარნენ დარბაზის დატოვებაში“.
თავის ორსაათიან მოხსენებაში სი ძინპინმა მონიშნა ჩინეთის განვითარების გეგმა 2022-2035 წლებისთვის, ისაუბრა ეკონომიკის განვითარებაზე, განათლებაზე, მრეწველობის მოდერნიზაციასა და „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლაზე.
ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.