Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენი განცხადებაა, "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი". ეს არ არის მიკერძოება? - სარჯველაძე აბაშიძეს


სახალხო დამცველობის კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენა საქართველოს პარლამენტში
სახალხო დამცველობის კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენა საქართველოს პარლამენტში

სახალხო დამცველობის კანდიდატს, ანა აბაშიძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათია უსმენენ. წარდგენის შემდეგ, მას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, დაუსვა რამდენიმე შეკითხვა. მათ შორის, მისი კითხვები შეეხებოდა, იყო თუ არა კანდიდატი პოლიტიკურად მიკერძოებული და რას ნიშნავს, იყო კრიტიკული და ამავე დროს, ნეიტრალური. ზოგადი კითხვების შემდეგ, სარჯველაძემ ანა აბაშიძეს კონკრეტული განცხადება გაახსენა:

მიხეილ სარჯველაძე: "ფართოდ გავრცელდა თქვენი სახელით განცხადება: "უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას ის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს", - ეს არ არის მიკერძოება? არ ეხმარებოდა ოპოზიციის საქმიანობას იმხანად?"

ანა აბაშიძე: "როგორ აღიქვით, ვინ ვიყავი მაშინ, როცა ამას ვამბობდი?"

მიხეილ სარჯველაძე: "რა მნიშვნელობა აქვს?"

ანა აბაშიძე: "გადამწყვეტი. ვადასტურებ, ეს ვთქვი. უფრო მკვახე რაღაცებიც მაქვს ნათქვამი. დაგეხმარებით მერე გახსენებაში. აქ რა არის მთავარი? ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, რომელმაც მოისმინა ძალიან მკვახე უარყოფა პრობლემების აღიარების და კი, ეს იყო ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის.

მიხეილ სარჯველაძე: "ახლა თქვენი პოზიცია უცვლელია?"

ანა აბაშიძე: "ეს შეკითხვა არარელევანტურია და რატომ? მე ახლა არ ვარ თქვენ წინაშე ჩვეულებრივი მოქალაქე, მე ახლა ვარ სახალხო დამცველის კანდიდატი. ჩემი პასუხები ვერ იქნება იმ ხარისხის თავისუფლების, როგორიც იყო ჩემი, როგორც მოქალაქის. უკვე ვიბოჭავ თავს. ახლა, როგორც სახალხო დამცველს, ეს რომ მეთქვა, არ იქნებოდა სწორი. ამას როცა ამბობს სახალხო დამცველი, უნდა დაასაბუთოს. მე, როგორც მოქალაქე, თავისუფალი ვარ, თავისუფალი სიტყვაა."

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს ომბუდსმენობის კიდევ ორ კანდიდატს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ.

XS
SM
MD
LG