"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ჯებირი და ბანაობის ამკრძალავი ბანერი უნდა განეთავსებინა.
ინფრასტრუქტურის დამონტაჟება თბილისის მერიას საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაავალა, დავა კი 2017 წელს დაიწყო.
ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 2021 წელს სადავო ტერიტორიაზე ბანერები და ჯებირი წყალმომარაგების კომპანია GWP-მ გააკეთა და სწორედ ამ არგუმენტს დაეყრდნო მოსამართლე. იურისტის თქმით, სასამართლოს დასაბუთება ჯერ არ უნახავთ, თუმცა მოსამართლემ ზეპირად განმარტა, რომ სამუშაოების შესრულების შემდეგ დავის საგანი აღარ არსებობს.
ნესტან ლონდარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნები კომპანიამ სასამართლო დავის განმავლობაში შეასრულა, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებამ იქონია გავლენა და არ ყოფილა მერიის კეთილი ნება.
"სადავო ტერიტორიას აქვს ორი ნაპირი, ერთი GWP-ის საკუთრებაა, მეორე - მერიის. კომპანია აპირებდა, გაეკეთებინა მისი ნაპირი, მარჯვენა მხარე, სადაც ტურბინებიდან გადმოსული წყალი ჩადის თბილისის ზღვაში. მერიამ მათ მისწერა, რომ რადგან ამას აკეთებთო, ჩვენიც გააკეთეთო. ეს გააკეთეს 2021 წელს. პროცესზე წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომ შესრულდაო მოთხოვნაო. სხდომაზე თქვეს, რომ GWP-მ შეასრულა სამუშაო მერიის დავალების საფუძველზეო", - ჰყვება ნესტან ლონდარიძე.
ცენტრი გეგმავს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, იგივე მოთხოვნებით. ნესტან ლონდარიძის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, სასამართლომ მერიას დააკისროს უსაფრთხოების ზომების გატარება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე:
"აქ პრინციპული მნიშვნელობისაა, რომ სასამართლო ეუბნება მერიას, შენ არ ხარ პასუხისმგებელი არაფერზე, ანუ უსაფრთხოების ნორმების დაცულობაზე, თბილისის ზღვა იქნება თუ სხვა რომელიმე წყალსაცავი, არ ხარ ვალდებულიო. ამ დროს, არჩევნებისას მოგვევლინება მერია და იტყვის, რომ კეთილი ნებით მოგიწესრიგეთ თბილისის ზღვის ტერიტორია, არათუ სასამართლომ დამაკისრაო".
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გატარების გარდა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ცქიტიშვილი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმდა. იურისტის თქმით, მათ პროცესზე მორიგება შესთავაზეს მერიას, გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიისა და ცქიტიშვილის ერთობლივ საკუთრებაში იქნებოდა და იქ პარკურ-პარკი განთავსდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომელშიც განმარტავს, რომ GWP-ის მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ, სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლობა მოუხსნა:
"თბილისის მერიას „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ არასდროს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. ტერიტორია, სადაც ჯებირების განთავსება იყო მოთხოვნილი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, უსაფრთხოებისთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია, შემოსაზღვრულია ღობით და განთავსებულია გამაფრთხილებელი აბრები. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს მოუხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე".
ალექსანდრე ცქიტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად კამპანია "იცურე მშვიდად" მას შემდეგ დააფუძნა, რაც თბილისის ზღვაში, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, მისი შვილი, 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი დაიხრჩო.
ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე ამასვე ითხოვდნენ ამავე ადგილას დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავას მშობლებიც. ისინი თანახმაც კი იყვნენ, რომ ტერიტორიის შემოღობვის ხარჯი თავად დაეფარათ.
საბოლოოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე ცქიტიშვილს სასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდა.