რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულეს მაღაზიებში ქართული პროდუქციის რეალიზაციის საკითხის შესწავლა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
საუბარია „ხაშის“ კონსერვზე საქართველოს დროშისა და რუკის გამოსახულებით, ასევე დამხმარე სასკოლო რესურს „ატლასზე“ , რომლის ყდის შიდა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული.
უწყების ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს რუსეთის სტავროპოლის მხარეში წარმოებული „ხაშისა“ და „რუბეცის“ 74 კონსერვის ქილა, რომელთა ეტიკეტზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და რუკა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებში აღმოაჩინეს ქართული მინერალური წყლების - „ბორჯომის“, „ნაბეღლავის“, „ლიკანისა“ და „საირმის“ - 11 ბოთლი.
მაღაზიებში ასევე იყიდებოდა რუსული წარმოების ორცხობილა „Морозова“, რომლის იმპორტიორიც თბილისიდან იყო ქართული კომპანია შპს „კომპანია ორბიტა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის მაღაზიებში იყიდებოდა.
დე ფაქტო უწყებაში ირწმუნებიან, რომ დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“, რის გამოც ინდმეწარმეებს ახლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოელით.
ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დამხმარე რესურსად მე-7 კლასის გეოგრაფიის „ატლასის“ გამოყენების ფაქტიც გამოავლინა, ს.პ. ბასარიას სახელობის ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში. საუბარია სახელმძღვანელოს სულ 13 ერთეულზე.
„აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტროს შესთავაზეს ამ სახელმძღვანელოების ჩანაცვლება გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდური ასოციაციის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებით, კერძოდ, გამომცემლობა „დროფის“ 2021 წლისა და გამომცემლობა „განათლების“ 2022 წლის მე-7 კლასის ატლასით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ღვინის, კონსერვებისა და სკოლებში საქართველოს დროშის გამოსახულებიანი გეოგრაფიული ატლასით სწავლების შესახებ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა. ორგანიზაციამ ე.წ. საბაჟოს თანამშრომლებს მოუწოდა, უფრო ყურადღებით შეამოწმონ „აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი“.