Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ


„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია მზად არის დეპუტატის მანდატებზე უარი თქვას.

„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - თქვა ვაშაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

ამჟამად „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში ორი დეპუტატით (გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე) არის წარმოდგენილი. პარტია 28 ოქტომბერს დატოვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

ვაშაძე აქუბარდიას გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. „სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა. სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ. მან დაამატა, რომ აქუბარდიას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით „დიდი მომავალი აქვს“.

XS
SM
MD
LG