Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის პროექტი "უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების" შესახებ


ფოტო არქივიდან. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
ფოტო არქივიდან. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლითაც მოითხოვდა სპეციალური კომისიის შექმნას და „უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობის“ გამოძიებას. პროექტს მხარი დაუჭირეს მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა. რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო გაეროს უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი წევრიდან 9-ის თანხმობა.

რუსეთის პროექტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა შეექმნა მისი ყველა წევრით დაკომპლექტებული კომისია და გამოეძიებინა აშშ-ისა და უკრაინისადმი რუსეთის პრეტენზიები, ბიოლოგიური და ტოქსიკური მასალების და იარაღის შემუშავების და წარმოების ამკრძალავი კონვენციის დარღვევის შესახებ. გასულ კვირაში, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბიოლოგიური იარაღის შემუშავება.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია უშიშროების საბჭოს წევრების დარწმუნებას ცდილობდა, მაგალითად, იმაში, რომ უკრაინა გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს ინფექციური დაავადებების მქონე კოღოებით დატენილი უპილოტო საფრენი აპარატები.

უკრაინა და აშშ რუსეთის განცხადებებს უწოდებენ სრულ სიცრუეს, აბსურდს და კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილი, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

უკრაინაში "საშიში ამერიკული ბიოლაბორატორიების" თემა რუსეთმა გაააქტიურა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG