Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტში პირველად გააკრიტიკეს გაგლოევის ხელისუფლება


რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე რუსეთის ფედერალური ხაზინის შემოწმების აქტი განიხილეს. დოკუმენტი ოკუპირებული ცხინვალის საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმებას ეხება.

ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხაზინის აუდიტმა ჩაატარა ორი შემოწმება, რამაც დარღვევები გამოავლინა, თუმცა, სანაკოევის თქმით, მათ აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღემდე არ მიმდინარეობს. სანაკოევმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილზე დასაქმებული პირების გამო ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური ზარალი ადგება.

„იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც ერთდროულად იკავებენ ხუთ-ექვს თანამდებობას, ბიუჯეტი განიცდის ფინანსურ ზარალს. ვფიქრობ, პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ ან ცალკეულმა სამინისტროებმა და დეპარტამენტებმა დაიცვან კანონის ის ნორმები, რომლებიც ახლა ირღვევა და ამ საკითხზე იმუშაონ. ჩვენ გათავისუფლება უნდა დავიწყოთ არა დამლაგებლებით და მძღოლებით, არამედ ხელმძღვანელებით. თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ რომელიმე მინისტრი ან მოსამართლე არის თანამდებობების შემთავსებელი“, - განაცხადა სანაკოევმა.

დე ფაქტო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, პეტრ გასიევმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სათანადო მუშაობა არც ამჟამინდელი და არც წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ჩაატარეს.

„სულ 20-25 ათასი საბიუჯეტო თანამშრომელი გვყავს და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სწრაფად მოაგვაროთ საკითხი სამსახურების შემთავსებელთა შესახებ, მაგრამ ამ მიმართულებით სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს და პრობლემასთან ბრძოლაც ზემოდან უნდა დაიწყოს და არა ექთნებისა და დამლაგებლების დონეზე“, - განაცხადა გასიევმა.

პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ალან ალბოროვმა დასძინა, რომ „რუსეთის აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ, ოთხი წელია არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია - მკაცრი ზომები იქნება მიღებული. ფედერალური ხაზინის ინსპექტირების აქტმა გამოავლინა პრობლემები, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო ზომები მათ მოსაგვარებლად. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სამსახურების შემთავსებელთა საკითხის გადაჭრა ზემოდან უნდა დავიწყოთ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ხელმძღვანელებმა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორში და ბევრ სხვა სამინისტროში საკუთარი თავით უნდა დაიწყონ, მოიხსნან ეს გადაჭარბებული ხელფასები და არ იყოს ასეთი განსხვავება დირექტორსა და მედდის ხელფასს შორის“.

ოთხი წლის წინ რუსეთის ფედერაციის სახაზინო აუდიტმა ოკუპირებული ცხინვალის საბიუჯეტო ორგანიზაციები შეამოწმა და დარღვევები შესაბამის აქტში ასახა. დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ეს აქტი ე.წ. დეპუტატებს დაუმალა და საიდუმლო გრიფი დაადო, ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტარებმა არაერთხელ გამოთქვეს პროტესტი. ხელისუფლებაში ალან გაგლოევის მოსვლის შემდეგ აქტი გასაჯაროვდა და აღმოჩნდა კორუფციული გარიგებების და თანამდებობის პირების მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მიერ სხვადასხვა სამსახურების შეთავსების უამრავი შემთხვევა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტს აზარალებდა. მიუხედავად იმისა, რომ გაგლოევი მე-6 თვეა ხელისუფლების სათავეშია ამ პრობლემას ვერ ჭრის და ე.წ დეპუტატებმა უკვე მისი კრიტიკაც დაიწყეს.

XS
SM
MD
LG