Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანი მალე გათავისუფლდება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 04 ნოემბერი. 2022 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 04 ნოემბერი. 2022 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანი მალე იქნება "თავისუფალი".

კალიფორნიაში, წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ძირითადად შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პრობლემებს ეძღვნებოდა, ბაიდენმა განაცხადა: "ნუ დარდობთ, გავათავისუფლებთ ირანს". მან იქვე განმარტა: "ძალიან მალე ისინი თვითონ გაითავისუფლებენ თავს".

ამის შემდეგ თავის გამოსვლაში ბაიდენი ირანის თემას აღარ დაბრუნებია.

თეთრ სახლს არ განუმარტავს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი.

ირანში უკვე თვე ნახევარზე მეტია მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამის საბაბი გახდა 22 წლის მაჰსი ამინის სიკვდილი მას მერე, რაც ის პოლიციამ დააკავა თავსაფრის ტარების წესის დარღვევის გამო. დემონსტრაციებს სასტიკად არბევს პოლიცია. დარბევისას ათობით მომიტინგე იქნა მოკლული, დაკავებულთა რიცხვი 14 ათასს აღწევს.

აშშ-მა დაგმო ირანის ხელისუფლების ქმედებები. მან ასევე შეაჩერა მოლაპარაკებები თეირანთან ე.წ. ბირთვული შეთანხმების განახლებაზე და შემოიღო რიგი სანქციები რუსეთისთვის ირანის წარმოებული დრონების სავარაუდო მიწოდების გამო.

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ პარასკევს, 4 ნოემბერს,თეირანში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის 43-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენს მიმართა და თქვა, რომ ირანი "43 წლის წინ გათავისუფლდა".

ირანის ხელისუფლებამ 4 ნოემბერს თავისი მხარდამჭერების მიტინგები მოაწყო მთელ ქვეყანაში, ამ მიტინგებზე ტრადიციული ანტიამერიკული და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმის.

2022 წლის მარტში, ვარშავაში გამოსვლისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში" უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიისა და მის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამო. შემდგომში ბაიდენმა განმარტა, რომ აშშ არ ცდილობს რუსეთში რეჟიმის შეცვლას და რომ მისი სიტყვების აზრს წარმოადგენდა პუტინის ქმედებების მორალური დაგმობა.

ოფიციალურად, ბაიდენის ადმინისტრაცია არ ისახავს მიზნად რეჟიმის შეცვლას არც ერთ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG