Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შესაძლებლობების ფანჯარა სულ ღია არ დარჩება… უნდა იმოქმედოთ დღეს" - ინტერვიუ ევროკავშირის ახალ ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

„გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს”, - უთხრა ევროკავშირის ახალმა ელჩმა რადიო თავისუფლებას. პოლონელი დიპლომატი საქართველოში ელჩის პოზიციაზე ბევრ კონკურენტს შორის შეარჩიეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე პაველ ჰერჩინსკის სურს არა ჩაფლავების, არამედ წარმატების ისტორიის მონაწილე გახდეს. ევროკავშირის ელჩს ვაჟა თავბერიძე თბილისში ესაუბრა.

ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკისთან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:47 0:00

რადიო თავისუფლება: პროტოკოლური კითხვით დავიწყოთ - ჯერ ისევ ახალ ელჩად ითვლებით - როგორია თქვენი გზავნილი ქართველებისადმი და როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს თქვენი ელჩობის ვადის წარმატებას, ან, ღმერთმა დაგვიფაროს, წარუმატებლობას?

პაველ ჰერჩინსკი: მივესალმები ქართველებს - გამარჯობა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ ჭეშმარიტად ისტორიულ მომენტში, მომენტში, როდესაც ქართველებმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გადადგამთ ამ ნაბიჯებს, ისე რომ, როდესაც ჩემი აქ ყოფნის ვადა ამოიწურება, ოთხ წელში, შევძლებ ვთქვა: მათ ეს შეძლეს და დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ევროკავშირთან. რაც, თავის მხრივ, საქართველოს მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს.

მინდა ისტორიული წარმატების მონაწილე ვიყო და არა ისტორიული მასშტაბების ჩაფლავების.

რადიო თავისუფლება: თქვენს ბიოგრაფიას გავეცანი - საქართველოს საკითხთან კარიერის მანძილზე რამდენჯერმე გადაიკვეთეთ, უცნობი თემა ნამდვილად არ არის თქვენთვის. ასე რომ, როდესაც აქ ჩამოსვლა შემოგთავაზეს, ალბათ, იცოდით, „იოლი გასეირნება“ რომ არ გელოდათ... მოდით, ასე შევაფასოთ, უხეშად - ერთიდან ათ ქულამდე, რამდენად რთულია დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩობა?

პაველ ჰერჩინსკი: პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩემთვის აქ ჩამოსვლა არც არავის შემოუთავაზებია და არც ვინმეს დავუნიშნივარ ამ პოზიციაზე. მე ამ თანამდებობაზე განაცხადი შევიტანე. ბევრ სხვასთან მომიწია კონკურენცია, მათთან, ვისაც ჩემსავით სურდა ეს თანამდებობა. და ძალიან იღბლიანად მიმაჩნია თავი, რომ საბოლოოდ, მე შემარჩიეს. ყოველთვის ვოცნებობდი ევროკავშირი წარმომედგინა იქ, სადაც მას ამხელა მნიშვნელობა აქვს. და თანაც მომენტში, როდესაც რეალური ცვლილებები უნდა მოხდეს. ასე რომ, დროც და ადგილიც დიდებულად შეირჩა. მე მინდა, წარმატების ისტორიის ნაწილი ვიყო - არ მსურს, ვიყო ისტორიული მასშტაბების ჩაფლავების მონაწილე. სამწუხაროდ, ეს ჩემზე ან ჩემს ოფისზე არაა დამოკიდებული - დამოკიდებულია ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოქმედების დროა - და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პოზიტიურ ჭრილში განვითარდება.

რადიო თავისუფლება: თქვენი წინამორბედი, სხვათა შორის, ჩიოდა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობამ „ფიზიკურად გამოფიტა“. მისი წინამორბედი კიდევ, როგორც წესი, საერთოდ არაფერს ამბობდა ხოლმე... ასე რომ, უნდა გკითხოთ, ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხართ? გაუძლებთ?

პაველ ჰერჩინსკი: არაჩვეულებრივად. მე ვიცი, რომ ჩემი წინამორბედი საქართველოს კეთილმოსურნე იყო და ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის დასახმარებლად. სულ ორი თვეა, რაც ჩამოვედი, ენერგიით, პოზიტიური განწყობით ვარ სავსე. ეს იყო ორი, ძალიან დატვირთული, თვე. დავუკავშირდით და შევხვდით თითქმის ყველას, როგორც მთავრობიდან, ასევე ოპოზიციიდან, შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ახლა ვხვდებით ბიზნესისას. ასე რომ, დატვირთული პერიოდი იყო. ამაღელვებელია იმის გააზრება, რომ შემიძლია იმ საოცარი გზის მონაწილე ვიყო, რომელსაც საქართველო ახლა გადის.

[ქართველების] ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ თვითონვე დაიჯეროთ, რომ ამის ძალა შეგწევთ, შეგიძლიათ ამის გაკეთება.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ დაკავებული იყავით, ბევრ ხალხს შეხვდით, გარემოსაც ალბათ მეტ-ნაკლებად გაეცნობოდით. ამიტომ ასეთი კითხვა - შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სიტყვით დაახასიათოთ ქართული პოლიტიკური გარემო?

პაველ ჰერჩინსკი: ძალიან მირთულებთ საქმეს. ორი სიტყვა რომ იყოს?

რადიო თავისუფლება: კი ბატონო.

პაველ ჰერჩინსკი: მშვენიერი. მაშინ - ნათელი მომავალი.

რადიო თავისუფლება: ქართული პოლიტიკური ელიტისთვის?

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსთვის.

რადიო თავისუფლება: კარგი, ბატონო. მაშინ ასეთი კითხვა - რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ და ძნელად გადასალახ დაბრკოლებად საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე?

პაველჰერჩინსკი: შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი პასუხი - მაგრამ ვფიქრობ, თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ თვითონვე დაიჯეროთ, რომ ამის ძალა შეგწევთ, შეგიძლიათ ამის გაკეთება. მე ბევრს ვესაუბრე, მარცხენა თუ მარჯვენა სპექტრიდან. და როდესაც საქმე სტრატეგიულ მიზნებს, გრძელვადიან ხედვას შეეხება, ყველა, სრულიად ყველა ერთსა და იმავე აზრზეა.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: ვგულისხმობ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. ეს ყველას გინდათ, მაგრამ, წლევანდელ ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭება და მომავალი წლის შეფასების პროცესი გვიკარნახებს, რომ ახლაა მოქმედების დრო და ეს შესაძლებელია, მიღწევადია. შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ, დრო, როდესაც სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთად უნდა იმუშაოს და „შედეგი დადოს“ ამ თორმეტ რეკომენდაციასთან მიმართებით.

რადიო თავისუფლება: იმ ორი თვის განმავლობაში, რაც აქ ხართ, რაიმე პროგრესი იხილეთ ამ კუთხით?

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: მუშაობა მიდის - საქართველოს პარლამენტშია სამუშაო პროცესი. ჩვენი გზავნილი მმართველი პარტიისადმი ასეთია - იყავით ღია, იყავით გამჭვირვალენი, იყავით ინკლუზიურები - და ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოსაწვევის გაგზავნას ოპოზიციისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებასაც. ოპოზიციას კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესებში, იყვნენ კონსტრუქციულნი, საერთო სიკეთის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანონ. ახლა ერთად მუშაობის, პოლიტიკურ ნაპრალზე ხიდების გადების დროა.

რადიო თავისუფლება: და ხედავთ ამის სურვილს მონაწილე მხარეებისგან?

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: სურვილი არის. რადგან, როგორც ვთქვი, ყველა თანხმდება გრძელვადიან ხედვაზე. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სირთულეებიც არის. ყველასთვის - მათთვის რთულია ამ დაყოფას, დაქსაქსულობას გადააბიჯონ და ერთად იმუშაონ თემაზე, რაც ეროვნული პრიორიტეტი უნდა იყოს - ევროკავშირში ინტეგრაცია.

ერთი წელია დარჩენილი, ერთი წელი დიდი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქმეს სერიოზულად უდგებით.

რადიო თავისუფლება: რამე ხისტი ვადა თუ გვაქვს დაწესებული ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით? თეორიულად, ევროკომისია პროგრესს გაზაფხულზე შეაფასებს. ამის ფონზე, დრო არც ისე ბევრია დარჩენილი, არ ფიქრობთ ასე?

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: პირიქით, მე ვიტყოდი, რომ დრო ბევრია - ერთი წელია დარჩენილი, ერთი წელი დიდი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქმეს სერიოზულად უდგებით. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - უნიკალური მომენტის წინაშე დგახართ - ეს მიღწევადია. დაიჯერეთ ამის. ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს გაკეთებადია, მიღწევადია. რა არის საჭირო ამისთვის? სერიოზულად მუშაობა, კონსტრუციულად მუშაობა, ყველას მხრიდან, რათა დაამტკიცოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს. ერთი წელი დიდი დროა.

რადიო თავისუფლება: კარგი. თქვენ ახსენეთ, რომ ამ რეკომენდაციებიდან ნაწილი უფრო ადვილად შესასრულებელია და ნაწილი კი უფრო რთულია. ვივარაუდებ, რომ ე.წ. პოლარიზაციის აღმოფხვრის რეკომენდაცია „უფრო რთულებში“ გადის. დილით დავგუგლე და თქვენი წინამორბედის წინამორბედიც კი წუხდა პოლარიზაციაზე - ეს 7 თუ რვა წლის წინ. ნამდვილად არ მინდა, ოთხი წლის შემდეგ მე ისევ აქ ვიჯდე და თქვენი მემკვიდრე კი ამავე თემაზე ჩიოდეს... ასე რომ, რაიმე ხედვა, იდეა... იქნებ მიდგომის შეცვლაა ევროკავშირის მხრიდან საჭირო, რომ საქართველოს ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმაროთ?

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: ქართველები საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ ამის გადალახვაში. რასაც მე გეტყვით, ეს უბრალოდ ელემენტარული საღი აზრია - საქართველო არაა ერთადერთი პოლარიზებული ქვეყანა, პოლარიზაცია ნორმალური დემოკრატიული სისტემის ნაწილია. შეხედეთ არჩევნებს ბრაზილიაში - ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ევროპისგან შორსაა. შეხედეთ შეერთებულ შტატებს, შეხედეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას, ჩემი საკუთარი ქვეყნის ჩათვლით... ხშირად ღრმა დაპირისპირებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია. საქმე ისაა, რომ როდესაც საქმე მიდგება რიგ საკითხებზე, უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ საჭირო ხდება, ეს უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და ერთად ვიმუშაოთ სასურველი შედეგის მისაღწევად. საქართველოსაც სწორედ ეს სჭირდება - და სჭირდება დღეს, ხვალ, შემდეგ კვირასა და შემდეგ თვეს. როგორც ვთქვით, ევროპული პერსპექტიცის მინიჭებით საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო. მაგრამ ის ღიაა დღეს, და სულ ღია არ დარჩება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა, გადაწყვეტით უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს. თავად ქართველებმა უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად არიან განწყობილნი.

რადიო თავისუფლება: ისევ 12 რეკომენდაციაზე უნდა გკითხოთ - გპირდებით, ეს ბოლო კითხვაა. ერთ-ერთი ცხარე დებატების საგნად იქცა - ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებოდით, რომ დეოლიგარქიზაციას ვგულისხმობ. კარგი იქნება, თუ ერთხელ და სამუდამოდ განვმარტავთ, რა ან ვინ იგულისხმება აქ. იმის გამო, რომ ბრიუსელი დიპლომატიურობას იჩენს და არ სურს, თითი ვინმესკენ გაიშვიროს... ამას ქართველი პოლიტიკოსები, ტრადიციულად, სათავისოდ იყენებენ - მათ არ აქვთ ერთმანეთისკენ თითის გაშვერის კომპლექსი, იშვერენ თითებს და გაიძახიან - არა, ეს თქვენზეა, არა, ჩვენზე კი არა, თქვენზეა და ა.შ. ასე რომ, კარგი იქნებოდა, ცოტა სიცხადე შეგვეტანა ამ ყველაფერში.

ევრ. ელჩი ჰერჩინსკი: ეს სიცხადე ქართველებს შორის უნდა გაირკვეს. ჩვენ ვისურვებდით, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში შეიზღუდოს მდიდარი ბიზნესმენების გადაჭარბებული ჩარევა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არაა მხოლოდ დემოკრატიის თემა - ეს ბიზნესგარემოსთვისაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკა და ბიზნესი გამიჯნული უნდა იყოს. ევროკავშირი არავის დასახელებას არ დაიწყებს - ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ნახვა, გვინდა სუფთა ბიზნესგარემო. ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციასთან, მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლაზე. და ისევ და ისევ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ მიუდგებიან ამ საკითხს. ევროკავშირი არც გიბიძგებთ და ვერც რაიმე მოდელს ან გამოსავალს შემოგთავაზებთ. ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გადაჭრან ეს პრობლემა.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG