Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი ქართველი კოლეგების დაცვას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს


საილუსტრაციო ფოტო: აქცია მუზეუმთან. 2022 წლის 3 ივნისი
საილუსტრაციო ფოტო: აქცია მუზეუმთან. 2022 წლის 3 ივნისი

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილ წერილს, რომელსაც ხელს 56 მეცნიერი აწერს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. არქეოლოგები, პალეონტოლოგები, კონსერვაციის სპეციალისტები, ანთროპოლოგები და სამუზეუმო საქმის სპეციალისტები საქართველოს მთავრობის მეთაურს სთხოვენ, დაიცვას მათი ქართველი კოლეგების ღირსება, შრომის უფლება და აკადემიური თავისუფლება. საუბარია 2022 წლის 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ ათობით თანამშრომელზე.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი მკვლევარები, ჩვენი კოლეგები არიან, ვისთანაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა და ბევრი საერთო იდეა გვაკავშირებს. ერთობლივად ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს მომზადებული და შეთავაზებული მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, როგორც ახალი სამეცნიერო ხედვა. ქართველ კოლეგებთან ჩვენი ერთობლივი კვლევები არის სასწავლო მასალის ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებისთვის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარებიდან ნაწილი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, ნაწილი ისეთი გამოცდილი, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება შეუფასებელი და შეუცვლელია ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

2022 წლის 24 მაისს ბევრი მათგანი გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზების ახსნის გარეშე.

ეს ეროვნული მუზეუმისთვის მიყენებული უზარმაზარი ზიანია, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე კვლევებზე, ისე სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციულ პროექტებზე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე", - წერენ მეცნიერები და პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, დაიცვას მათი კოლეგები და მისცეს მათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა. წერილი 7 ნოემბრით არის დათარიღებული.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში, ეს წერილი უცხოელი კოლეგებისგან მიიღეს გასაჯაროების პირობით.

ეს არ არის პირველი წერილი, რომელსაც უცხოელი მეცნიერები ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად წერენ. 23 სექტემბერს ცნობილი გახდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიასა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი დაწერილი წერილის შესახებ - ამ წერილში მეცნიერები ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოს მოუწოდებდნენ, დაეცვა აკადემიური თავისუფლება.

XS
SM
MD
LG