Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: ევროკომისრის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია


"მთავარი არხის" დირექტორი, პატიმარი ნიკა გვარამია საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს "ფეისბუკის" გვერდზე ეხმაურება. გვარამია წერს, რომ კომისრის მიერ დღეს თბილისში გაკეთებული განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ, დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია.

"ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი - მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს.

ასევე არ იწვევს ეჭვს - ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა", - წერს ნიკა გვარამია. ის მიიჩნევს, რომ კომისრის განცხადებების გამოყენება სამთავრობო პროპაგანდის მიერ დააზარალებს როგორც საქართველოს პროდასავლურ საზოგადოებას, ასევე ნდობას ევროპული ინსტიტუციების მიმართ.

დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა არ უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკას ასე არ იცნობს. მოგვიანებით, პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს სააკაშვილსა და გვარამიაზე, რომლებსაც პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის მაგალითებად მიიჩნევენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

XS
SM
MD
LG