Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მტკიცებულებებით საქმე გვაქვს უკრაინის კუთვნილ S-300-ის რაკეტასთან" - პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი


რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი პოლონეთის სოფელი პშევოდუვში. 15 ნოემბერი, 2022 წელი
რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი პოლონეთის სოფელი პშევოდუვში. 15 ნოემბერი, 2022 წელი

ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რაკეტა, რომელიც 15 ნოემბერს პოლონეთის სოფელ პშევოდუვში დაეცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული. ამის შესახებ პოლონეთის რადიო RMF FM-თან ინტერვიუში პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სევერამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოხმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ექსპერტები დაუშვეს რაკეტის კატასტროფის ადგილზე, როგორც ადრე უკრაინის ხელისუფლებამ მოითხოვა.

მან ნორმალური უწოდა იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინა არ არის დამნაშავე რუსეთისგან თავის დაცვასა და რუსულ რაკეტებთან ბრძოლაში. უკრაინელ ექსპერტებს მიეცათ დაშვება შემთხვევის ადგილზე", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც ხუთშაბათს, 17 ნოემბერს, ჩავიდა რაკეტის დაცემის ადგილზე, აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის დაცემის კვალი ჯერ არ არის ნაპოვნი. მან დასძინა, რომ ინციდენტის ადგილზე ამჟამად მყოფი სპეციალისტები ჯერ კიდევ აგროვებენ პირველი რაკეტის ნარჩენებს.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ინციდენტს უბედური შემთხვევა უწოდა. ასეთივე შეფასებით გამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამასთან, ნატოს ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკრაინულიც რომ იყოს, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რადგან წინა დღით სწორედ მან განახორციელა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა კი მათ მოგერიებას ცდილობდა.

ამერიკის შეერთებული შტატები 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს - იმის მიუხედავად, თუ რომელმა ქვეყანამ გაისროლა ეს რაკეტა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.

რუსეთი უარყოფს, რომ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ინციდენტის ადგილის სიახლოვეს და საერთოდ, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთხშაბათს დაიბარეს პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული. "დიპლომატს მიუთითეს პოლონეთში ანტირუსული ისტერიის მიუღებელ გაღვივებაზე მომხდარი ინციდენტის გარშემო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე რუსეთის ელჩი იყო დაბარებული პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG