Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავიცვათ თავი არაწინასწარგანზრახული თავდასხმისგან?


ჟურნალისტები პოლიციის საგუშაგოსთან, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონურ სოფელ პშევუდოვში. 2022 წლის 16 ნოემბერი.
ჟურნალისტები პოლიციის საგუშაგოსთან, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონურ სოფელ პშევუდოვში. 2022 წლის 16 ნოემბერი.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონურ სოფელ პშევუდოვში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წინასწარი ანალიზით არ აღმოჩნდა წინასწარგანზრახული თავდასხმის შედეგი.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, „უბედური შემთხვევა“ უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათ საღამოს მომხდარ აფეთქებას.

ინციდენტის შესახებ 16 ნოემბერს მსგავსი განმარტება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომლის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ზუსტად რა მოხდა და რა სახის რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე.

და ვიდრე სრული სურათი ჯერ კიდევ უცნობია, პშევუდოვის ინციდენტთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას განეკუთვნება ის, თუ რატომ ვერ შეძლო ნატოს წევრმა ქვეყანამ რაკეტის აღმოჩენა და ჰაერში განადგურება და მომავალში როგორ უნდა დაიცვან თავი რუსეთ-უკრაინის ომის არეალის მახლობლად მდებარე ქვეყნებმა მსგავსი არაწინასწარგანზრახული თავდასხმისგან?

ისრაელის გამოცდილება

პოლონეთის საჰაერო სივრცეში მისიით მყოფმა ნატოს სამხედრო ძალების მზვერავმა თვითმფრინავმა, როგორც ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ წერს ალიანსის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, დააფიქსირა პშევიდოვში ჩავარდნილი რაკეტის მოძრაობა. მაგრამ ვინაიდან პოლონეთის სოფელი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 5 კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ექსპერტების შეფასებით, ასეთ მოკლე მანძილსა და მოკლე დროში პოლონეთში განლაგებული ანტისაჰაერო თავდაცვა ვერ მოასწრებდა რაკეტის ჰაერშივე განადგურებას.

„ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინის საზღვრის ამ მონაკვეთში გაშლილი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთის რადარები დაინახავდნენ მათი ტერიტორიისკენ მფრინავ რუსული წარმოების რაკეტას, უკრაინის საჰაერო სივრცეში მის განადგურებას პოლიტიკური გადაწყვეტილება დასჭირდებოდა. ასეთ გადაწყვეტილებას კი ნატოს წევრი ქვეყანა, არაწევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ მიიღებდა ალიანსთან შესაბამისი კონსულტაციების გარეშე“, - ამბობს უკრაინაში მყოფი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი.

ხოლო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, ასეთ მცირე დროის მონაკვეთსა და ფაქტობრივად საზღვართან მჭიდრო სიახლოვეს ვერც ერთი ქვეყნის საჰაერო თავდაცვა მოუმზადებლად, როგორც იტყვიან, ვერ მოასწრებს რეაგირებას, გარდა ისრაელისა.

„მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელიც დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, წელიწადში კი 365 დღე ცხოვრობს ომის მდგომარეობაში. ხოლო თუ ევროპას სურს, რომ ასეთი პრობლემა ისევე გადაწყვიტოს, როგორც ისრაელმა, მაშინ, შესაბამისად, ევროკავშირმა და ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს მსგავსი საფრთხის ზონაში, საკუთარ თავდაცვაში ისეთივე ინვესტიცია უნდა ჩადონ, როგორც ისრაელმა“, - ამბობს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

„უკვე გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 73 რაკეტა. სამწუხაროდ, სხვა რაკეტებმა მიზანს მიაღწიეს. ეს, აშკარად, იმიტომ ხდება, რომ უკრაინას არ ჰყოფნის საჰაერო-საზენიტო თავდაცვის სისტემები და ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან...
იური იგნატი

შესაბამისად, ვიდრე რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული კრიტიკული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების მასირებულ სარაკეტო იერიშებს, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა ან აგრესორი ქვეყნის რაკეტის საწინააღმდეგოდ გაშვებული ანტირაკეტა მიზანს ასცდეს და რომელიმე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდეს.

ცნობილია, რომ 31 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ნასლავჩაში ჩაცვივდა და, როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური წერდა, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ახლომდებარე სახლის მინები ჩაიმსხვრა. პშევუდოვის ინციდენტისგან განსხვავებით, მოლდოვაში არავინ დაღუპულა, მაგრამ კიშინიოვი იმდენად განარისხა ამ ინციდენტმა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის საელჩოს დიპლომატი გააძევა.

მაშინ მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეროვნული არმიის საჰაერო თავდაცვის რადარებს არ დაუფიქსირებიათ უკანონო ფრენა ქვეყნის საჰაერო სივრცეში.

უკრაინას უჭირს რუსეთის სარაკეტო იერიშების სრულად მოგერიება

15 ნოემბრის ღამით პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონურ სოფელ პშევუდოვში მომხდარს ინციდენტს წინ უძღოდა იმავე დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, რომელიც საერთო შეფასებით ყველაზე მასშტაბური იყო ომის დაწყების დღიდან.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს უკრაინული მედია, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა.

„რუსეთმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან გამოუშვა რაკეტები სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-95-ის, გამოყენებით. დღეს დაფიქსირდა 14 თვითმფრინავის იერიში, საიდანაც სავარაუდოდ ისროლეს დაახლოებით 70 ერთეული "Х-101" ან "Х-555“-ის კლასის რაკეტა, უკრაინის ტერიტორიას რუსეთი უტევდა ასევე 20 ერთეული „კალიბრის“ რაკეტით. მოწინააღმდეგემ გამოიყენა ასევე 10 ერთეული „შაჰიდის“ (ირანული წარმოების) ტიპის დრონი. თანაც რაკეტები მოფრინავდნენ ყველა მხრიდან, მოწინააღმდეგემ იერიში განახორციელა სხვადასხვა ოლქზე, მათ შორის ლვოვის ოლქზე“, - უთხრა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა.

უკრაინაში მუდმივად იგზავნება მათგან NASAMS-ისა და IRIS-T-ს სისტემები, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთლიანად დავიცვათ ჩვენი ცა...
იური იგნატი

ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დაბომბეს.

წინა შემთხვევის მსგავსად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო ათობით რუსული რაკეტის განადგურება.

„უკვე გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 73 რაკეტა. სამწუხაროდ, სხვა რაკეტებმა მიზანს მიაღწიეს. ეს, აშკარად, იმიტომ ხდება, რომ უკრაინას არ ჰყოფნის საჰაერო-საზენიტო თავდაცვის სისტემები და ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან. უკრაინაში მუდმივად იგზავნება მათგან NASAMS-ისა და IRIS-T-ს სისტემები, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთლიანად დავიცვათ ჩვენი ცა“, - დასძენს იური იგნატი.

  • 7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები NASAMS-ი და Aspide-ი.
  • NASAMS-ი აშშ-ისა და ნორვეგიის მიერ ერთობლივად შექმნილი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში.
  • 17 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის 17-მა წევრმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. წერილში კონგრესმენები ბაიდენს უკრაინისთვის თანამედროვე დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავების (Gray Eagle MQ-1C) რაც შეიძლება მოკლე დროში გადაცემას სთხოვდნენ.
  • მაგრამ როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, ამ კლასის უპილოტო თვითმფრინავების კიევისათვის მიწოდების წინააღმდეგია პენტაგონი. კერძოდ, აშშ-ის სამხედრო უწყება შიშობს, რომ მსგავს იარაღს შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაცია და ეს გახდება სიგნალი მოსკოვისთვის, რომ აშშ უკრაინას აწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელსაც შეუძლია იერიშების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG