Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაკეტ(ებ)ის აფეთქება პოლონეთში, დასავლეთის  ვერსია და კიევის კითხვები


პოლონეთის არმიის სამხედროები. ფოტო არქივიდან. 8 იანვარი, 2022 წელი.
პოლონეთის არმიის სამხედროები. ფოტო არქივიდან. 8 იანვარი, 2022 წელი.

ნატო ჯერ ისევ ელოდება პოლონეთში მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რათა დაზუსტდეს, საიდან მოხვდა რაკეტა ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე. წინასწარი ვერსიით, 15 ნოემბერს, 2 ადამიანის სიკვდილი უკრაინა-პოლონეთის საზღვართან უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის აფეთქებას მოჰყვა. 

წინასწარი დასკვნით, პოლონეთში მომხდარ ინციდენტს უბედური შემთხვევა უწოდეს და თავდაპირველი დაძაბულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ექსპერტების შეფასებით, უკრაინასაც აძლევს ხელს.

გადაიდო ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რაზეც მანამდე ვარშავაში ლაპარაკობდნენ.

  • რას ცვლის, თუკი აღმოჩნდა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა მართლაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას ეკუთვნის?
  • დადგა თუ არა ნატო ახალი გამოწვევების წინაშე?
  • რა შეიცვლება რუსეთისთვის, უკრაინისთვის?

არ უსვრია, მაგრამ დამნაშავეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 16 ნოემბერს „პოლონელი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების“ ბოდიში მოითხოვა - პოლონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩის, სერგეი ანდრეევის შუაღამისას დაბარებისთვის, „ისტერიკებისთვის“ და „ანტირუსული გამოხდომებისთვის“.

ზახაროვა ეყრდნობა დასავლეთის შეთანხმებულ წინასწარ ვერსიას, რომ 15 ნოემბერს, პოლონეთის სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინას ეკუთვნოდა და მიუთითებს პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ეს „უბედური შემთხვევა“ იყო და რაკეტის რუსეთის მიერ გაშვება მტკიცებულებებით არ დასტურდება.

„არ უნდათ ბოდიშის მოხდა?“ - ნიშნისმოგებით კითხულობს ზახაროვა სოციალურ ქსელებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში მომხდარს უწოდებს „გამიზნულ პროვოკაციას ვითარების ესკალაციის მიზნით.“

რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს.

პოლონეთის ხელისუფლება გარკვევით ამბობს, რომ მომხდარი რუსეთის ბრალია, რადგან ის აწარმოებს ომს სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ. ასეთივე აზრისაა ოპოზიციაც პოლონეთში. სეიმის ვიცე-სპიკერი, მიხაილ კამინსკი ტელეკომპანია „დოჟდს“ ეუბნება, რომ „უკრაინას საჰაერო თავდაცვას რაკეტების გაშვება არ დასჭირდებოდა, თუკი რუსეთის რაკეტები არ იფრენდნენ უკრაინაში ქალებისა და ბავშვების დასახოცად, უკრაინის მცხოვრებთა დასახოცად“.

მსგავს განცხადებას აკეთებს გერმანიის კანცლერიც. გერმანული ტელევიზიის ეთერში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მნიშვნელობა არა აქვს რაკეტის წარმოშობას, „ნათელია, რომ ეს არ მოხდებოდა, უკრაინაში რუსეთის ომის გარეშე". ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი და მოიგერიოს რუსული რაკეტები.

ამ ეტაპზე დასავლელი პოლიტიკოსები და მედია მხოლოდ წინასწარი შეფასებებს ეყრდნობიან. პოლონეთმა საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია მომხდარის გამოსაძიებლად და ყველა დეტალის დასაზუსტებლად. ჯერჯერობით, დეტალები არ არის გარკვეული. თუკი 15 ნოემბერს პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია ლაპარაკობდნენ ორ რაკეტაზე; 16 ნოემბერს, როგორც ოფიციალურ წყაროებში, ასევე მედიაში მხოლოდ ერთ რაკეტას ახსენებენ. მაგალითად, ნატოს ჯერჯერობით არა აქვს პასუხი შეკითხვაზე - რაკეტა ჰაერში აფეთქდა თუ მიწაზე დაცემის შემდეგ.

კიევი გამოძიების პროცესში ჩართვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პოლონეთში უკრაინის რაკეტა არ აფეთქებულა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა ანდა ჩვენი სარაკეტო დარტყმა. ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა გამოძიებაში. მინდა, რომ ვიყოთ სამართლიანები და თუკი ეს იყო ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა, მაშინ მჭირდება მტკიცებულებები“, - განაცხადა გვიან საღამოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გამოძიების პროცესში უკრაინის ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ ენდობა უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშებს.

მანამდე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა გაახმოვანა კიევის მოთხოვნა - აფეთქების ადგილზე თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ დაშვების თაობაზე.

არგუმენტები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, პოლონეთში ჩავარდნილი რაკეტის ელემენტები საზენიტო კომპლექს С300-ის რაკეტას ჰგავს. მანამდე, პოლონური მედია, კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რაკეტა შესაძლოა რუსული Х-101 იყოს. სოციალურ სივრცეში გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც მიუთითებს მსგავსებაზე პოლონეთის პშევოდუვში 15 ნოემბერს ჩამოვარდნილისა და უკრაინის დედაქალაქში 31 ოქტომბერს ჩამოვარდნილი რაკეტების ნატეხებს შორის.

სამხედრო სპეციალისტების განმარტებთ, რაკეტა Х-101 საშუალო [5,5 ათას კილომეტრი] მანძილზე მოქმედი საჰაერო ბაზირების, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა, რომლის სიჩქარე 800 კმ/სთ-ს უტოლდება და ცდომილება მაქსიმუმ 30 მეტრს შეადგენს. ხოლო უკრაინის ტერირორიიდან პოლონეთის სოფლამდე (სადაც რაკეტა ჩავარდა) 6-7 კილომეტრია. ამ მაჩვენებლებით, ექსპერტები მიზანმიმართულ დარტყმაზე მიანიშნებენ.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი დარწმუნებულია, რომ რაკეტა (თუ რაკეტები) პოლონეთისკენ რუსეთმა განზრახ გაუშვა და ის ნატოს გამოწვევას, პროვოცირებას ისახავდა მიზნად. ამ ვერსიის დასტურად, ექსპერტი რამდენიმე არგუნტს იშველიებს:

  • С300-ის რაკეტას აქვს თვითგანადგურების სისტემა - თუკი ის აცდება სამიზნეს, სისტემა ერთვება და ნადგურდება; ისინი ვერ მოქმედებდენ მიწა-მიწა სისტემის რაკეტების მსგავსად [რაც, ექსპერტის აზრით, გავს პოლონეთში მომხდარ ინციდენტს]; ხოლო გადაკეთებული რაკეტები აქვს მხოლოდ რუსეთის ფედერაციას (თუკი ნასროლი იყო სწორედ С300-ის რაკეტა);
  • პოლონეთის რადარებმა რაკეტა ვერ შენიშნეს, რადგან ძნელია აღქმა ფრთოსანი რაკეტისა (რუსული Х-101), რომელიც მიწის ზედაპირიდან 100 მეტრზე დაბალა მიფრინავს და ამიტომაც არ იმუშავა პოლონეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ტელეკომპანია 24-ის ეთერში გაიხსენა რუსული რაკეტების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი; რის გამოც, კიშინოვის მაშინდელი განცხადებების თანახმად, საფრთხე შეექმნა სამოქალაქო თვითმფრინავებს.

ყველასათვის ისედაც ცხადია, რომ რუსეთი ბრალდებას იმ შემთხვევაშიც უარყოფდა, რაკეტა ან რაკეტები პოლონეთის ტერიტორიისკენ გამიზნულად რომ ჰქონდეს ნასროლი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კრემლის მომხრეებისა და მათ შორის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის ირონიული კომენტარები ნატოს თავდაცვის სისტემების სისუსტესთან დაკავშირებით. სიმონიანი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთმა სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოს.

ნატოს უსაფრთხოება

თუკი პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა 16 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების სავარაუდო საჭიროებაზე ლაპარაკობდა; დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მე-4 მუხლის გააქტიურების საჭიროება ამ ეტაპზე აღარ დგას, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“.

ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად:
„მხარეები [ალიანსის წევრები] ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს ყოველ ჯერზე, როდესაც ნებისმიერი მათგანის აზრით, საფრთხე ემუქრება ნებისმიერი მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“.
დიდწილად ამ კონსულტაციებზე დაყრდნობით წყდება, ამოქმედდება თუ არა ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც ალიანსის ყველა წევრის მხრიდან ნებისმიერი ერთი წევრის სამხედრო დახმარებას გულისხმობს.

პოლონეთში აფეთქება სულ ახალი მომხდარი იყო, როცა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა მიმართა უკრაინელებს, ნუ დაელოდებიან სამხედრო პასუხს ნატოსგან, რადგან ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებაზე კონსულტაციების დასაწყებად პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - იყო თუ არა თავდასხმა გამიზნული. რადგანაც რუსეთმა ასეთი განზრახვა მალევე უარყო და ყველაფერი უკრაინას დააბრალა, არესტოვიჩმა იუთუბარხ „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ - მომხდარი, საბოლოოდ, უკრაინისთვის მხოლოდ სამხედრო დახმარების გაზრდას გამოიწვევს.

არესტოვიჩი 15 ნოემბერს ასევე ვარაუდობდა, რომ ნატო არ მიიღებდა უკრაინის "ცის ჩაკეტვის" გადაწყვეტილებას, რაც 16 ნოემბერს დადასტურდა. უკრაინის მედიასაშუალებები გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინის "ცის ჩაკეტვას" გერმანია აღიქვამს ალიანსისა და რუსეთის შეტაკების წინაპირობად, ხოლო მოკავშირეებს ომის ესკალაცია არ უნდათ.

16 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა პოლონელი კოლეგის ანგარიში მოისმინეს.

ნატო აცხადებს, რომ ყველანაირად მზად არის თავდაცვისთვის რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში; მაგრამ პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას არ ჰქონდა მახასიათებლები, რაც ჩვეულებრივ თავდასხმით იარაღს აქვს. რას ნიშნავს ეს? დეტალები არ დაკონკრეტებულა. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დარჩენილ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ამ ეტაპზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაწეულია, ვიდრე ეს 15 ნოემბერს, ღამით იყო.

ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ ნატომ "მომხდარი გადაყლაპა", ესკალაციის თავიდან აცილების გამო; თუმცა ამას ის უკრაინისთვისაც უფრო სასარგებლოდ თვლის. ექსპერტის შეფასებით, თუკი ახლა ნატო სამხედრო წესით უპასუხებდა, რუსეთი შეძლებდა ახალ სიბრტყეში გადანაცვლებას, სადაც ის აისრულებდა სურვილს - ინიციატივა აეღო ხელში და ალიანსთან შეთანხმებისთვის მიეღწია; ამ სცენარით კი, უკრაინა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

როგორც უნდა დამთავრდეს პოლონეთში მიმდინარე გამოძიება, უკრაინაში დარწმუნებით აცხადებენ, რომ 15 ნოემბერს მომხდარმა რუსეთ-უკრაინის ომი სრულიად სხვა ფაზაში გადაიყვანა და რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეების დამოკიდებულებაც უარესობისკენ შეცვალა.

„ეს [აფეთქება პოლონეთში] არ ნიშნავს ნატოს მხრიდან დარტყმას რუსეთის სამიზნეებზე; მაგრამ ეს ნიშნავს ასეთი დარტყმებისთვის ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას“, - წერს არესტოვიჩი, 16 ნოემბერს, საკუთარ ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი სიტყვებით, ომი უკრაინის მეზობლებსაც აზარალებს; "კრემლის ბელადის შეშლილობასა და ველურობის“ შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი, რისთვისაც უკრაინა მზად არის, შესაბამისი შეიარაღების პირობებში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 16 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლელ პარტნიორებს, რომ „ცენტრალური ევროპის რეგიონის რუსული რაკეტებისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ეფექტური საჰაერო ფარის განვითარებით“.

პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქებულმა რაკეტამ ორი ადამიანის სიცოცხლე 15 ნოემბერს იმსხვერპლა. ეს იმავე დღეს მოხდა, როცა რუსეთმა უკრაინისკენ დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვა და მათ შორის დაბომბა პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ქალაქი ლვოვი. დაიბომბა ასევე კიევი, ხარკოვი, ნიკოლაევი, ხმელნიცკი, როვნო, ჟიტომირი; ვინიცისა და დრეპროპეტროვსკის ოლქებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG