Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა შეისწავლის სავარაუდო ტყვეების დახვრეტის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს


ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი
ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ პირველად მოახდინა რეაგირება რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებზე. კანადის ქალაქ ჰალიფაქსში, უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გამოიძიებს იმ ვიდეოებს, რომლებიც კვირის ბოლოს ინტერნეტით გავრცელდა.

ამასთან, სტრეფანიშინამ დასძინა, რომ ასეთი მოკლე ვიდეოების (ერთი ვიდეო გრძელდება 36 წამი, მეორე არის 8 წამი და აშკარად გასდევს მონტაჟის კვალი. რედ) ზედაპირული დაკვირვებით ძნელია, დაუყოვნებლივ გამოიტანო დასკვნები, რომლებსაც რუსული მხარე აკეთებს.

პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი.

აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროები და კერძო სახლის ეზოში მიწაზე წვებიან. კადრის ბოლოში ჩნდება კაცი, რომელიც სახლიდან გამოდის და სროლას იწყებს. ამით ჩანაწერი მთავრდება. მეორე ვიდეოში ნაჩვენებია მსგავსი სამხედროფორმიანი ადამიანების სხეულები, ზოგიერთის გვერდით სისხლის კვალი მოჩანს.

ორივე ვიდეო, სავარაუდოდ, ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ მაკიივკას მიდამოებში უნდა იყოს გადაღებული.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) იტყობინება, რომ უკვე იციან სამხედროების სავარაუდო დახვრეტის შესახებ გავრცელებული ვიდეოების შესახებ და შეისწავლიან მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა.

XS
SM
MD
LG