Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებში იმარჯვებს: საერთაშორისო ეგზიტპოლი


ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი
ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი

20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი იმარჯვებს. ღია საზოგადოების რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, მას ხმა მისცა 82 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში.

მეორე ადგილზე გავიდა "ყველას წინააღმდეგ", მას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5 პროცენტზე მეტმა.

საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 65%-ზე მეტმა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ყაზახეთში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება, ნაცვლად აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადისა.

ყაზახეთის ოპოზიციის მტკიცებით, ვადამდელი არჩევნებით ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ცდილობს, თავი დააღწიოს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრეობას და საბოლოოდ იქცეს დამოუკიდებელ მმართველად, თუმცა თვითონ ტოყაევი ამბობს, რომ „აუცილებელია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპლექსური გადატვირთვა იმ ახალი სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ყაზახეთის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებშია ასახული“.

XS
SM
MD
LG