Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: მნიშვნელოვანია, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მიმოიხილოს


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის რჩევა - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა გაიაროს ვენეციის კომისიის რევიზია - ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მთავრობისა და პარლამენტისთვის ეს ფასეული იქნება კანონის მიღებამდე.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი რჩევაა, როცა ის მომდინარეობს ევროკავშირის დელეგაციისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ საჭირო რეკომენდაციებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობაა, ვინაიდან დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტი გამოიწვიეს ვენეციის კომისიიდან, ასე რომ ამ ეტაპზე არანაირი მოთხოვნა ვენეციის კომისიისადმი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით არ არის არც უკრაინის, არც საქართველოს მხრიდან. რადგან ეს კანონისთვის ახალი სივრცეა, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა მიმოიხილონ კანონპროექტი მის მიღებამდე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე“, - ასე უპასუხა კელი დეგნანმა მედიას კითხვაზე, უნდა გაიგზავნოს თუ არა კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შესაბამისად. ელჩი USAID-ის მიერ 20 მლნ დოლარით დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. პროექტი სხვადასხვა უმცირესობის მონაწილეობის მხარდაჭერას გულისხმობს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს შეახსენა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, დამტკიცებამდე შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

თუმცა პარლამენტი ვენეციის კომისიისადმი კანონპროექტის გაგზავნას არ ჩქარობს, საპარლამენტო უმრავლესობის პარტია “ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიისგან უკრაინული კანონის შეფასებას ელოდა.

კონსულტაციებს გავმართავთ, რატომ არ მიიღო უკრაინამ ანალოგიურ კანონზე დასკვნა, ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გავაგზავნოთ თუ არა და აზრი აქვს თუ არა. ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვენეციის კომისია საერთოდ არ აპირებს ამ კანონზე დასკვნის გაცემას?”, - უთხრა 16 ნოემბერს "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის - დასკვნები სარეკომენდაციო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის დემოკრატიულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას ისახავენ მიზნად.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის მედიის ცნობით, პროცესები ომმა შეაფერხა.

არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის მიიღებს რუსეთთან ომში ჩართული უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას.

XS
SM
MD
LG