Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ ისევ უცნობია, მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს საქალაქო სასამართლოში


კლინიკა "ვივამედის" შესასვლელი
კლინიკა "ვივამედის" შესასვლელი

ამ დრომდე უცნობია, მიიყვანენ თუ არა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომა ზუსტად 15:00 საათზე იყო დანიშნული.

კლინიკა "ვივამედის" შესასვლელთან დგას პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელსაც პატიმრების გადასაყვანად იყენებენ. რადიო თავისუფლებას სურდა პენიტენციურ სამსახურთან და კლინიკის ადმინისტრაციასთან დაკავშირება იმის დასაზუსტებლად, გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე. სატელეფონო კომუნიკაცია ამ საკითხზე ვერ შედგა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს: "ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, არ მოჰყავთ, ისეთი მდგომარეობაა საქალაქო სასამართლოს ეზოში. სასამართლო ითხოვდა მის სხდომაზე მოყვანას".

საქალაქო სასამართლოს ეზოში არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. მათი თქმით, სააკაშვილს სხდომაზე არ მიიყვანენ, რაზეც მეტყველებს ეზოში სამართალდამცავების სიმცირე.

"კლინიკა, სავარაუდოდ, უარს ამბობს მის ტრანსპორტირებაზე. ერთი მხრივ, სახელმწიფო, ექიმები ამბობენ, რომ იქ, სადაც სააკაშვილია, მისი ჯანმრთელობის აღდგენა შესაძლებელია და ის არის ნორმალურად, არ ემუქრება არაფერი. მაგრამ, როდესაც საჭირო ხდება სულ რაღაც 500 მეტრის მანძილზე გადაყვანა, უკვე აღარ აძლევენ ამის უფლებას", - უთხრა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "ფორმულას".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, განაცხადა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG