Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნის


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება" სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელი მეგობრების მოწოდების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიასთან გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონზე, უფრო სწორად, მის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისაკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებებით, ასევე, პირადი კონტაქტების დროს, გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან, სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა ევროკავშირისგან, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იქნეს [ვენეციის კომისიაში], თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ევროპელი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ჩვენ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონპროექტი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი და არ მოხდეს, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წელიწად-ნახევარი გაიწელა ეს პროცესი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ვინაიდან საქართველომ დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონით დარეგულირება გადაწყვიტა, "ძალიან მნიშვნელოვანია", ის შეაფასოს ვენეციის კომისიამ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულებას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლელოსდამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანიაფორმულისერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG