Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია „იმედის” ჟურნალისტის სიუჟეტზე: ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია


კადრი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტიდან
კადრი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტიდან

ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მარიკა ბაკურაძემ „ფეისბუკზე" თავისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მაყურებლებს დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მათი კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.

"ქარტიის" საბჭო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია.

განცხადებაში მოხმობილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიუთითებს, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილური ტელეფონების ნომრები. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ ყოფილა.

"ქარტიის" განცხადების თანახმად, საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

ამასთან, "ქარტიის" საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქარტიის" საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა კრიტიკაზე, რადგან სწორედ საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი მედიაპროდუქტი.

როგორც "ქარტია" აცხადებს, მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" განმარტავს, რომ კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს.

მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია "ფეისბუკზე", მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა, თუმცა კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა.

ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა.

სიუჟეტი, როგორ ურეკავს ჟურნალისტი "ფეისბუქზე" დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს და ამისთვის პასუხს სთხოვს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის დღეში" 28 ნოემბერს გავიდა.

"მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა", - თქვა ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ეთერში, სიუჟეტის გასვლამდე.

სიუჟეტში მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც მას დაუკომენტარა "რას ბოდიალობ", ჰკითხა:

მარიკა ბაკურაძე: "ბოდიალი რას აღნიშნავს?"

მოქალაქე: "ამიტომ გადაწყვიტეთ დარეკვა?"

მარიკა ბაკურაძე: "კი, რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი."

მოქალაქე: "ძაან სისულელე გადაცემა იყო."

მარიკა ბაკურაძე: "გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ..."

მოქალაქე: "არ მოგეწონათ ფორმა, როგორ დავწერე?"

მარიკა ბაკურაძე: "მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ"."

მოქალაქე: "კი, კი, სისულელე გადაცემა რომ გადის, უნდა დაუწერო..."

მარიკა ბაკურაძე: "ესე იგი, თქვენ თქვენ გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?"

მოქალაქე: "ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები და ნაცნობები არ ბოდიალობენ, კარგია, უფრო გემოვნებიან გადაცემებს თუ გააკეთებთ."

მარიკა ბაკურაძე: "თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე."

XS
SM
MD
LG