Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკელი სამხედროები რუსებს ერთხელ დაუკავშირდნენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის სპეციალური კავშირის დასამყარებლად გახსნილი ე.წ. ცხელი ხაზი მხოლოდ ერთხელ ამუშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალურ ხაზზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას და რუსეთის ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრს.

Reuters-ის წყაროს თანახმად, ამ ხაზით დღემდე ერთადერთი ზარის ინიციატორი იყო ამერიკული მხარე, რათა გამოეთქვა შეშფოთება უკრაინაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მახლობლად რუსი სამხედროების ოპერაციის გამო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა არ დააკონკრეტა ინციდენტი, რომლის გამოც სპეციალური არხი გამოიყენეს, თუმცა, თქვა, რომ ეს არ უკავშირდებოდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას.

Reuters-ი ე.წ. ცხელი ხაზის ამოქმედების სავარაუდო მიზეზებს შორის ასახელებს რუსეთის ქმედებებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ ცნობილია აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებსა და გენერალური შტაბების ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაციის რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, ოქტომბერში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს დაურეკა და განუცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს.

ნოემბერში, როცა უკრაინასთან მოსაზღვრე პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა, ამერიკული მხარე უშედეგოდ ცდილობდა არსებული საკომუნიკაციო არხით შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილი დაეკავშირებინა რუსეთის გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან.

XS
SM
MD
LG