Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კალესნიკავა კოლონიიდან სარეანიმაციო განყოფილებაში გადაიყვანეს


მარია კალესნიკავა სასამართლოში. მინსკი, 2021 წ. 6 სექტემბერი.
მარია კალესნიკავა სასამართლოში. მინსკი, 2021 წ. 6 სექტემბერი.

2020 წელს ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი მარია კალესნიკავა გომელის სასწრაფო დახმარების კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული სარეანიმაციო განყოფილებაში. იქ კალესნიკავა გადაიყვანეს კოლონიიდან, სადაც ის პატიმრობას იხდის. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას შტაბი იტყობინება „ტელეგრამზე“.

შტაბის ცნობაში ნათქვამია, რომ კალესნიკავა, რომელიც არჩევნებამდე ამ შტაბს ხელმძღვანელობდა, საავადმყოფოში 28 ნოემბერს წაიყვანეს. ის პირველ ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს ქირურგიული პათოლოგიით. ორშაბათს მას ოპერაცია გაუკეთდა. კალესნიკავა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

კოლონიის ადმინისტრაციას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ქირურგიული პათოლოგიები ცუდი სამედიცინო მეთვალყურეობის გამო შეიძლება განვითარდეს. როგორც იტყობინებიან, ჰოსპიტალიზაციამდე ცოტა ხნით ადრე კალესნიკავა სადამსჯელო იზოლატორში გაგზავნეს. როდის, რა ხნით და რისთვის - უცნობია.

შარშან სექტემბერში კალესნიკავას 11 წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის. ის დამნაშავედ ცნეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების მოწყობაში, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოწოდებებში და ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, მის განთავისუფლებას მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები ითხოვენ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 2020 წლის 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ის მეექვსედ გამოაცხადეს გამარჯვებულად. ვიქტარ ბაბარიკა, რომლის შტაბსაც ხელმძღვანელობდა კალესნიკავა, ციხეში ჩასვეს. მეორე კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG