Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და ჩინეთის ბომბდამშენები ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ წყნარი ოკეანის რეგიონში


Tu-95 ტიპის ბომბდამშენი, საილუსტრაციო ფოტო
Tu-95 ტიპის ბომბდამშენი, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა 30 ნოემბერს ერთობლივი პატრულირება განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში, როგორც ნიშანი ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მზარდი კავშირებისა თავდაცვის სფეროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების Tu-95 ტიპის ბომბდამშენებმა და ჩინეთის H-6K ბომბდამშენებმა იაპონიის ზღვას გადაუფრინეს რვასაათიანი მისიის დროს.

წვრთნების ფარგლებში, რუსეთის ბომბდამშენები პირველად დაეშვნენ ჩინეთში, ხოლო ჩინეთის ბომბდამშენები ჩაფრინდნენ რუსეთის საჰაერო ბაზაზე, იუწყება სამინისტრო განცხადებაში და დასძენს, რომ ერთობლივი პატრულირება არ იყო მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

ამ საჰაერო ვარჯიშამდე ჩატარდა რამდენიმე წვრთნა, რომელთა მიზანი იყო მოსკოვსა და პეკინს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის დემონსტრირება, იმ ფონზე, როცა ორივე ქვეყანას დაძაბული ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან.

მოსკოვსა და პეკინს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა მას მერე, რაც 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინაში შეჭრა უბრძანა.

ჩინეთი უარს ამბობს გააკრიტიკოს რუსეთის ქმედებები და მოსკოვის პროვოცირებაში ადანაშაულებს აშშ-სა და ნატოს. პეკინი, ამასთან, აკრიტიკებს მოსკოვისთვის დაწესებულ მკაცრ სადამსჯელო სანქციებს.

რუსეთმა, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა ჩინეთს აშშ-სთან დაძაბულობაში, რომელიც მოჰყვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG