Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე „TV პირველისთვის" დაკისრებულ სანქციაზე: ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას


თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერის საჩივრის საფუძველზე „TV პირველის" და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების" წამყვანს მაია მამულაშვილს მერისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ, კახა კალაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც კალაძე აცხადებს, ისურვებდა, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო.

„TV პირველის" საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს „ფეიკნიუსები", ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.

ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.

ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის", - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

კახა კალაძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება.

„რაც შეეხება უშუალოდ „TV პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.

ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის", - ვკითხულობთ კალაძის განცხადებაში.

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს, მაია მამულაშვილს დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.

"სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", - თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის განმარტებისას.

XS
SM
MD
LG