Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჰოლოდომორი - 1932-33 წლების მასობრივი შიმშილობა - უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის სამმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატებმა. „მემარცხენეებმა“ და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“, რომლებიც ხშირად გამოდიან კრემლის მხარდამჭერი პოზიციიდან, თავი შეიკავეს. წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატებს. მან ტვიტერში დაწერა, რომ „სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“.

„დღევანდელი თვალსაზრისით აუცილებელია ისტორიულ-პოლიტიკური შეფასება, რის მიხედვითაც საქმე ეხება გენოციდს. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ასეთ შეფასებას“, - წერია რეზოლუციაში.

Deutsche Welle შენიშნავს, რომ საქმე ეხება ფრთხილ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარება უფრო რემარკაა, ვიდრე ძირითადი უწყება. მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, თვით ეს ფრთხილი ფორმულირებაც კი სენსაციაა გერმანული პოლიტიკისთვის. ჯერ კიდევ 2019 წელს ბუნდესტაგის დეპუტატებმა ფაქტობრივად უარი თქვეს, განეხილათ პეტიცია ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების თაობაზე და განაცხადეს, რომ თითქმის არაფერი იციან ამ მოვლენების შესახებ. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ გერმანელ დეპუტატთა პოზიციის შეცვლაზე დიდი გავლენა მოახდინა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ.

დოკუმენტში აგრეთვე დაგმობილია ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის დადებული „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“, ასევე როგორც მაშინდელი ტოტალიტარული სახელმწიფოების, ისე დღევანდელი რუსეთის „იმპერიული პოლიტიკა“. რეზოლუციაში ლაპარაკია ასევე გერმანიის ისტორიულ პასუხისმგებლობაზე ნაცისტების დანაშაულებისთვის, მათ შორის ჰოლოკოსტის და სსრკ-ს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისთვის.

მიმდინარე თვეში ირლანდიის სენატმა და მოლდოვის პარლამენტმა მიიღეს რეზოლუციები, რომლებშიც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად არის აღიარებული. აშშ-ის სენატმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს.

ჰოლოდომორი - უკრაინის სსრ-ში 1932-1933 წლების მასობრივი შიმშილობა - გამოწვეული იყო უკრაინელი გლეხებისგან სურსათის ყოველგვარი მარაგების კონფისკაციით. შიმშილობას ემსხვერპლა მინიმუმ 5 მილიონი ადამიანი. ზუსტი რიცხვები არ არის ცნობილი. მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ საქმე ეხებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად ორგანიზებულ შიმშილობას უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი 2006 წელს აღიარა გენოციდად. რუსეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ასეთ შეფასებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG