Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლაა - TI "ტვ პირველის" წინააღმდეგ საქმეზე


"ტვ პირველი"
"ტვ პირველი"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, "ტვ პირველის" წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილება "მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლაა". არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროებლად.

TI-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის: "მთავარი არხის", "ფორმულისა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ. ორგანიზაციის თანახმად, მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან:

"დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად".

კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის გადახდა სასამართლომ სოლიდარულად "ტვ პირველთან" ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დააკისრა.

"ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ფორმულასა და მთავარი არხის წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა.

კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროებლად.

30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "ტვ პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.

"სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", - თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის განმარტებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG