Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გელათის გადასარჩენად აქცია გაიმართა


ვარლამ გოლეთიანი გელათის გადასარჩენ აქციაზე. 2 დეკემბერი, 2022 წელი
ვარლამ გოლეთიანი გელათის გადასარჩენ აქციაზე. 2 დეკემბერი, 2022 წელი

„რიონის ხეობის გადარჩენის“ მოძრაობამ ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, გელათის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გამართა.

აქციის ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკიდურესადაა დაზიანებული და აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც კულტურის სამინისტროს აქვს.

„ვიცით, რომ იუნესკოს და იკომოსის სპეციალისტების მისია საქართველოშია და დღეს ასრულებენ მუშაობას გელათში და მათ დასკვნას დრო სჭირდება, თუმცა წინასწარ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პროცესი დროში არ გახანგრძლივდეს და როგორც აქამდე იყო გასაიდუმლოებული და საზოგადოება ვერაფერს გებულობდა, ისევე არ გაგრძელდეს. ვითხოვთ, რომ აქამდე არსებული დასკვნები და ახალი დასკვნაც ერთი კვირის ვადაში გასაჯაროვდეს, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა ხდება მონასტრის მთავარ ტაძარში და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა იმ პირებისა, ვინც მონასტერი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა და ცდილობდა დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიჩქმალულიყო“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა და დასძინა, რომ არ გაჩუმდება, სანამ პროცესი სწორად არ წარიმართება.

რადიო თავისუფლებამ გოლეთიანს ჰკითხა, რატომ არ აქტიურობდა გელათში შექმნილ პრობლემებზე ამ დრომდე. მან გვიპასუხა, რომ რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებმა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა პროტესტმა არ მისცა მას და მის თანამოაზრეებს საშუალება, ყურადღება გელათზე გაემახვილებინათ.

„იქ იყო ესკალაცია და დაპირისპირება და ორივე თემას ფიზიკურად ვერ გავწვდებოდით. ჩვენ რიონის ხეობაში მოგვიწია ფიზიკურად დაგვეცვა ტერიტორია და ყველამ ნახა, რა შედეგი გამოიღო ბრძოლამ", – გვითხრა გოლეთიანმა.

ქუთაისში გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებიც.

„დარგის სპეციალისტები მიუთითებენ, რომ სასწრაფოდ არის ქმედებები განსახორციელებელი, რომ კედლის მხატვრობა გადარჩეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეს პროცესი მეცნიერების ხელში, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სიმბოლო თავისი სახის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს“, - თქვა პროფკავშირების თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძემ აქციაზე.

ნიკა წიქარიძე ქუთაისში გამართულ აქციაზე
ნიკა წიქარიძე ქუთაისში გამართულ აქციაზე

ნიკოლოზ წიქარიძეს ვკითხეთ, უქმნის თუ არა მას უხერხულობას იმ აქტივისტებთან ერთად დგომა, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე მასობრივი ძალადობის დროს სიძულვილის ჯგუფების გვერდით იყვნენ.

„ჩვენი მიზანია, გელათი გადარჩეს და ჩვენ ვართ პროფესიული კავშირი, რომელსაც საკუთარი პოზიცია გააჩნია ამ საკითხზე და მოძრაობასაც „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქვს თავისი პოზიცია. ახლა ძეგლია გადასარჩენი“, - გვითხრა მან.

გელათის მხარდასაჭერად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პროფკავშირების ორგანიზებით აქცია ნოემბერში თბილისშიც გაიმართა.

გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:00 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG