Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში აცხადებენ, რომ გია ბუღაძეს ნებისმიერ დროს შეუძლია ლექციების გაგრძელება


ფოტო არქივიდან. მხატვარი გია ბუღაძე
ფოტო არქივიდან. მხატვარი გია ბუღაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური მოტივით მხატვარ გია ბუღაძისთვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს.

გია ბუღაძის განცხადებით, 16-წლიანი მუშობის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასთან ხელშეკრულება აღარ გააფორმა. როგორც ბუღაძემ გვითხრა, ყოველი სემესტრის წინ მასთან ხელშეკრულებას დებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მიზერული ანაზღაურება (500 ლარი) ჰქონდა, სტუდენტებთან სიამოვნებით კითხულობდა ლექციებს (საგანი: „ხელოვნების ნაწარმოების განხილვა“). მიმდინარე სემესტრის დაწყების შემდეგ, როგორც ის ამბობს, არავინ შეხმიანებია და 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, კვირაში ოთხი საათი აგრძელებდა ლექციების კითხვას.

„ერთხელ მოვიკითხე, მეორედ, მივხვდი, რომ რადგან „ქოცი“ არ ვარ, აღარ სურდათ უნივერსიტეტში ჩემი ყოფნა და წამოვედი. პროფესიონალიზმის გამო ვინ მეტყოდა უარს. ასევე მაქვს დოქტორის სტატუსი. კარგად არის ცნობილი, რომ სხვაგან ვკითხულობ ლექციებს, უმაღლეს დონეზე. ჩემთვის მთავარი იყო ბავშვებთან ურთიერთობა. სტუდენტები მირეკავენ, არ მაქვს უფლება ჩემს ლექციაზე შემოვიდნენ. ვფიქრობ, პოლიტიკური შეხედულების გამო მოიქცნენ ასე [არ დადეს ხელშეკრულება]. არ ვარ ნაწყენი“, - გვითხრა გია ბუღაძემ. ის ამბობს, რომ მისთვის მადლობაც არ უთქვამთ.

მხატვარი აცხადებს, რომ ბრძოლას არ აპირებს. „ჩემი განდევნა უნდოდათ. ჩემი ბრძოლა დიდი ხანია დავასრულე. არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. მხატვარი ვარ, რომელიც არასდროს გაქრება. მიყვარს ბავშვებთან მუშაობა“, - თქვა მან. ბუღაძემ გაიხსენა, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში გუმბათი და ერთ-ერთი აუდიტორია მისი მოხატულია; „ტრაბახში არ ჩამომართვათ, მე ვარ ერთ-ერთი ცოცხალი ამაშენებელი და დამამშვენებელი უნივერსიტეტის“. მან დაამატა, რომ პირადად არ იცნობს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიას, თუმცა აღნიშნა, რომ მასზე წარმოდგენა უკვე შეექმნა. „იმედია, ჩემს ფრესკებს არ გადაშლის, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. პარლამენტში ჩემი მოხატული მეფეთა დარბაზი პანელებით დაფარეს“, - განაცხადა გია ბუღაძემ.

ბუღაძის შემთხვევაზე განსხვავებულად გვიამბობს თამარ დოლბაია. „ჩვენ უნივერსიტეტში ახლაც ველოდებით ბატონ გია ბუღაძეს“, - გვითხრა მან. დეკანის თქმით, სემესტრის დაწყებისას გია ბუღაძეს კადრების განყოფილებაში ნასამართლობის შესახებ ცნობა არ წარუდგენია, რაც ოფიციალურად არის დადგენილი. როგორც თამარ დოლბაია აღნიშნავს, სწორედ ამის გამო არ გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ბუღაძე განაგრძობდა ლექციების კითხვას. დოლბაიას თქმით, ბუღაძემ ცნობა მხოლოდ ნოემბერში წარადგინა, ამის შემდეგ კი ხელშეკრულების გაფორმება არ მოისურვა. დეკანის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა შეცვლილი სისტემა, რომლის თანახმად, მოწვეული ლექტორები ანაზღაურებას არა ფიქსირებულად, არამედ საათობრივად იღებენ, საათში 25-40 ლარს. თამარ დოლბაიას თქმით, იშვიათ შემთხვევებში მოწვეულ პროფესორებს საათში 60 ლარს უნაზღაურებენ და სწორედ ეს თანხა შესთავაზეს გია ბუღაძეს.

„ჩვენ არ გაგვიშვია უნივერსიტეტიდან. ამის სურვილი რომ გვქონოდა, უფრო ნაკლებ ანაზღაურებას შევთავაზებდით. მისი პატივისცემის, პროფესიული უნარების გამო შევთავაზეთ მაქსიმალური ანაზღაურება, რაც მის ფიქსირებულ ანაზღაურებაზე დაახლოებით ასი ლარით ნაკლები გამოდის. სტუდენტების ხათრით, პროფესორები ცოტა ალტრუისტებიც უნდა ვიყოთ. მას უნდა დაამთავროს სალექციო კურსი ბოლომდე, შემდეგ პირობები თუ არ მოეწონება, შემდეგ... იმის გამო, რომ მან შეწყვიტა ლექციები, სტუდენტებთან ასოცირებული პროფესორი შევიდა, რომელიც სემინარებს იბარებდა“ - გვითხრა თამარ დოლბაიამ.

დეკანი კატეგორიულად გამორიცხავს გია ბუღაძესთან ხელშეკრულების არგაფორმებას პოლიტიკური შეხედულების გამო. „არც საკუთარ თავს ვაკადრებ, ვინმე რაღაც შეხედულების გამო შევავიწროო. არ ვადევნებ თვალს მის განცხადებებსა და კომენტარებს. მთავარია, პროფესიონალი შემოვიდეს ლექციაზე. აკადემიური სივრცის მიღმა მისი განცხადებები ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა ფაკულტეტის დეკანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG