Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას არ ეხმარება რუსეთზე დარტყმის საშუალებებით, თუმცა მათ შექმნას ხელს არ უშლის


ფოტო არქივიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე. 2022 წლის 25 აპრილი

აშშ აცხადებს, რომ უკრაინას არ ეხმარება შორ მანძილზე მოქმედების იარაღით, თუმცა ხელს არ უშლის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 დეკემბერს ვაშინგტონში, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის არ შეუქმნია რუსეთის სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რისი გავლა უწევთ ყოველდღე უკრაინელებს რუსეთის აგრესიის გამო. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ და მისი პარტნიორები კვლავაც ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ თავდაცვისთვის და საკუთარი ტერიტორიის და თავისუფლების დასაცავად საჭირო იარაღი.

ამავე ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ხელს არ უშლის შორ მანძილზე დარტყმის საკუთარი საშუალებების განვითარებაში.

5 დეკემბერს დილით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა.

6 დეკემბერს, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში და ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს.

უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე იერიში მან მიიტანა. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დარტყმები დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG