Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგარის ცენტრის „შიშით“, რუსმა სპეციალისტებმა ცხინვალში რადიაციული ფონი, წყალი და ნიადაგი შეამოწმეს


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ვითარების კვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა.

„ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს ონკოლოგიური პაციენტების სტატისტიკას და ვიცით, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, სამწუხაროდ, არიან ბავშვები. ომი უკვალოდ არ ქრება. შეშფოთებას იწვევს სამხრეთ ოსეთის მახლობლად მდებარე ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობაც. ამიტომ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, ხელმძღვანელობამ შესაბამისი ზომების მიღება გადაწყვიტა. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით კვლევა ჩატარდა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით“, - განაცხადა ბოსიკოვამ. ⠀ ⠀

პრესმდივნის თქმით, შეფასებისას დადგინდა, რომ რესპუბლიკაში რადიაციული ფონი დასაშვებ სტანდარტზე საგრძნობლად დაბალია, კერძოდ, ათჯერ ნაკლები.⠀ ⠀

„რესპუბლიკაში რადიაციული ფონი ათჯერ დაბალია დასაშვებ ნორმაზე - ეს იდეალური მაჩვენებელია. გარდა ამისა, ექსპერტებმა ონკანის წყლისა და ნიადაგის ნიმუშებიც აიღეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაჩვენებლები ნორმალურ დიაპაზონშია“, - აღნიშნა ბოსიკოვამ. მან განმარტა, რომ სიტუაციის შემდგომი კონტროლის მიზნით, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ამ ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.⠀ ⠀

რუსეთის ფედერაციას და დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისში განთავსებული ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისტული მიზნებისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ. ლუგარის ცენტრის სახით ისინი მუდმივად თესავენ შიშს ადგილობრივ მოსახლეობაში იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ცენტრში ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, ავრცელებენ საშიშ ვირუსებს, დივერსიული მიზნებისთვის გამოჰყავთ საშიში მწერები, რომლებსაც საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა წინააღმდეგ გამოიყენებს.

განსაკუთრებული კამპანია 2016-2020 წლებში მიმდინარეობდა, როცა ოსურ მედიაში თითქმის ყოველთვიურად იბეჭდებოდა მასალები ლუგარის ცენტრიდან წამოსული „საფრთხის“ შესახებ. ხშირად ეს კამპანია აბსურდში გადადიოდა, როცა ოკუპირებულ რეგიონში ბუზებს, კოღოებს და ღამურებს დასდევდნენ შესამოწმებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG