Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი დაინტერესებულია თურქმენული გაზის ევროპაში გატანით, მარშრუტი საქართველოზე გადის


თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს თურქმენეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის, რუსეთის გვერდის ავლით, მიწოდების იდეაზე - ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი, თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობითა და რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით. გამოცემის ცნობით, რეჯებ ტაიპ ერდოანი ამ იდეას განიხილავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

თურქმენეთის გაზის ევროპისთვის მიწოდება ახალი იდეა არ არის, მაგრამ მისი განხორციელება წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი ახლა ამ იდეის აღორძინებას აპირებს, თუმცა სისრულეში მის მოყვანას წლები დასჭირდება.

მარშრუტი, რომელიც თურქმენულმა გაზმა ევროკავშირის ქვეყნებამდე უნდა გაიაროს, საქართველოზე გადის. Bloomberg-ი წერს, რომ ამ პროექტის თანახმად, გაზი ტანკერებით (კასპიის ზღვით) უნდა გადაიტვირთოს ჯერ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში, სადაც მოხდება მისი ჩატუმბვა სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენების ქსელში, რომელიც აზერბაიჯანს ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აკავშირებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ევროკავშირმა აქტიურად დაიწყო გაზით უზრუნველყოფის ალტერნატიული გზების მოძიება. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და გაერთიანება გეგმავს, რომ უახლოეს წლებში სრულად თქვას უარი.

აზერბაიჯანი აპირებს, 2027 წლისთვის, ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი საკუთარი ბუნებრივი აირი გაიტანოს და ეს მარშრუტი საქართველოზე გადის. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა ივლისში, როცა ბაქოს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი სტუმრობდა. მან თქვა ასევე, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკავშირის დახმარებით გაფართოვდება.

XS
SM
MD
LG