ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში მსჯელობენ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. ასევე განიხილავენ ახალ ნაბიჯებს უკრაინის დასახმარებლად.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, შეთანხმებული არ არის სანქციების პაკეტის ყველა პუნქტი. ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ იქნება მიღებული.
Reuters-ის თანახმად, ევროპელი დიპლომატები, რომელთა ვინაობას სააგენტო არ ასახელებს, გამოთქვამენ შიშს, რომ უნგრეთი შეიძლება შეეცადოს, დაბლოკოს ზოგიერთი გადაწყვეტილება იმ მიზნით, რომ შეეცადოს, ევროკავშირმა კვლავ გამოათავისუფლოს მისთვის განკუთვნილი სახსრები. „ეს თავისებური დიპლომატიური შანტაჟია. ვისურვებდით, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, არის“, - მოჰყავს სააგენტოს ევროპელი დიპლომატის სიტყვები.
სანქციების ახალი პაკეტის პროექტი, რომელიც გასულ კვირაში წარმოადგინა ევროკომისიამ, შეიცავს პერსონალურ სანქციებს 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, ასევე შემდგომ შეზღუდვებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე (მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებზე), სანქციებს რუსეთის სამი ბანკისა და ოთხი ტელეარხის წინააღმდეგ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ეს დოკუმენტი უკვე შერბილებულია თავდაპირველ წინადადებასთან შედარებით.
საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახალ სანქციებს ირანის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, თეირანის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობისას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ასევე რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის. „ვაპირებთ სანქციების ძალზე მკაცრი პაკეტის შეთანხმებას“, - განაცხადა ბორელმა შეხვედრის წინ.
მინისტრები ასევე აპირებენ, 2 მილიარდი ევროთი შეავსონ მშვიდობის ევროპული ფონდი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოიყენებოდა კიევისთვის იარაღის შესასყიდად, მაგრამ დიდწილად დაიხარჯა უკრაინაში თითქმის ათი თვის მანძილზე მიმდინარე ომში.
ასევე დღეს ონლაინ რეჟიმში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ლიდერთა მოლაპარაკებები. მასში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. წუხელ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მოახდინა „ამერიკასთან პოზიციების კოორდინირება“, ასევე გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს მშვიდობის გლობალური სამიტი, რომელზეც განიხილავდნენ მშვიდობის ე.წ. უკრაინულ ფორმულას. ეს ფორმულა ითვალისწინებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყველა ტერიტორიის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას.