Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინას ბლოკში გაწევრიანების სტატუსი შესთავაზონ


პროტოკოლის თანამშრომელი ასწორებს ბოსნიის და ჰერცეგოვინის დროშას ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ. 22 ივლისი, 2022 წელი
პროტოკოლის თანამშრომელი ასწორებს ბოსნიის და ჰერცეგოვინის დროშას ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ. 22 ივლისი, 2022 წელი

ბალკანეთის კიდევ ერთ სახელმწიფოს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ევროკავშირი თავის რიგებში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს შესთავაზებს, ამაზე შეთანხმდნენ კავშირის წევრი ქვეყნები.

ბრიუსელში 13 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრთა „რეკომენდაციით ბოსნიასა და ჰერცეგოვინას“ მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

დოკუმენტის ასლს გაეცნო რადიო თავისუფლება.

ევროკომისიამ, ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ, ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა ოქტომბერში, ანუ ექვს წელიწადში მას მერე, რაც სარაევომ ოფიციალურად განაცხადა ბლოკის წევრობის სურვილზე და თითქმის 30 წლის შემდეგ, რაც დასრულდა 1992-1995 წლების ომი, რომლის დროსაც ასი ათასი ადამიანი დაიღუპა.

მოელიან, რომ ევროკავშირის სამიტი გადაწყვეტილებას დაამტკიცებს 15 დეკემბერს.

ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ბოსნიამ უნდა შეასრულოს იმ პირობების დიდი სია, რომლებიც დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებას გულისხმობს ქვეყანაში, რომელსაც მოუწევს სასამართლოს სისტემის რეფორმირება, კორუფციასთან ბრძოლა და საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება, რათა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ 2003 წელს განაცხადა, რომ სურს ბლოკის წევრობა, მაგრამ მისმა ეთნიკურმა ლიდერებმა ქვეყანაში უთანხმოების დაძლევისა და საჭირო რეფორმების გატარების დიდი სურვილი არ გამოხატეს.

XS
SM
MD
LG