Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმოქმედობის ტრაგიკულობა


ავტორი: ანა ჯიქურიძე

უმოქმედობა არის თავისი არსით ისეთი ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც ვერ ან არ ხდება საკუთარი პოტენციალის დანახვა, გამოყენება და განვითარება, რა დროსაც ხდება ძლიერის სუსტად გარდასახვა. ასეთი მოდუნების ფუფუნება არავითარ შემთხვევაში არცერთ ძლიერ აქტორს არ აქვს, რადგან ყოველი ასეთი მოდუნებით აპრიორი სარგებელს ნახულობს კონკურენტი ან არაკეთილმოსურნე, თუნდაც სუსტი მტერი და თავხედურად გჯობნის. შესაბამისად, მივდივართ დასკვნამდე, რომ უმოქმედობა და შესაძლებლობების სწორად არშეფასება პირდაპირპროპორციულად იწვევს სუსტის მიერ ძლიერის დაჯაბნას.

ეს ძალის სისუსტის თეორია შეიძლება მოვარგოთ ყველაფერს ჩვენს ირგვლივ, როგორც ადამიანებს, ისე სახელმწიფოებს, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა აქტორებს.

ამ თეორიას თუ მოვარგებთ ქართულ რეალობას, სადაც მუდმივად ერთმანეთის დაპირისპირებაშია ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსზე განლაგებული ადამიანთა ჯგუფები - პროდასავლური და პრორუსული ძალები, დავინახავთ რომ რომელიმე მათგანის მოდუნება მაშინვე იწვევს მეორე ძალის წინ წამოწევას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმრავლესობაში სწორედ პროდასავლური ორიენტაციის მქონე ადამიანები არიან, ხოლო პრორუსები-დიდ უმცირესობაში. შესაბამისად, თუ გვინდა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ევროპული მომავალი, ქართული პროდასავლური საზოგადოება კი არ უნდა მოდუნდეს, არამედ პირიქით, მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, იცნობდეს მტრის სამოქმედო ტაქტიკას და იგერიებდეს პრორუსული ძალების მცდელობებს წარმოადგენდნენ დომინანტ ძალას ქვეყანაში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მოქალაქე არის თავისი ხელისუფლების საშინაო და საგარეო კურსის განმსაზღვრელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მრავალი მაგალითი გვაქვს იმისა თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ხელისუფლების ქმედებებსა და რიტორიკაზე ქართული საზოგადოების აქტივობა. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე ერთადერთი ფაქტორი, რაც ჩვენს ხელისუფლებას აიძულებს რუსეთისგან მომდინარე მუდმივი საფრთხის ფონზე, დადგეს ისტორიის სწორ მხარეს და მხარი დაუჭიროს უკრაინას, არის ქართული საზოგადოების გაცხადებული პროუკრაინული განწყობები. შესაბამისად, თითოეული პროდასავლური ორიენტაციის მქონე მოქალაქის ვალია იყოს აქტიური და ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მნიშნელოვან მოვლენებში და არ მისცეს უფლება სუსტ პრორუსულ ძალას თავხედური გამარჯვების.

როდესაც ვსაუბრობთ მოძრაობაზე და აქტიური მოქალაქის როლსა და პასუხისმგებლობებზე, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!”. ამ სიტყვების წაკითხვისას ან მოსმენისას თითოეულ მოქალაქეს არ შეიძლება არ გაუჩნდეს თავისი სამშობლოსთვის ღონისა და სიცოცხლის მიცემის სურვილი. თავისი შინაარსით ეს სიტყვები საქართველოს მოქალაქეებს მიგვითითებს ერთგვარ სამოქმედო გეგმაზე იმ დიდი მისიის შესრულებისთვის, რაც ქვეყნის აღმშენებლობას უკავშირდება და რაც დღევანდელობაში შეიძლება გადმოითარგმნოს ისე, როგორც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

და სწორედ იმიტომ, რომ ნათელმა მხარემ აჯობოს ბნელს, ძლიერმა თავი არ დაიბეჩავოს უმოქმედობით და არ დამარცხდეს სუსტის მიერ, აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ ჩვენს თავებს, ზუსტად შევაფასოთ ჩვენი პოტენციალი და ვიმოქმედოთ!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG