Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის მთავრობამ 6 ტელეარხს დროებით შეუჩერა ლიცენზია


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა

მოლდოვის მთავრობამ 16 დეკემბერს დროებით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის.

ექვსივე არხი ეკუთვნის ან ასოცირდება ბიზნესმენსა და პოლიტიკოს, ილან შორთან, რომელიც მოლდოვის მართლმსაჯულებას ემალება და რომლის მიმართაც აშშ-მა ა ევროკავშირმა სანქციები შემოიღო.


აღნიშნულმა არხებმა სერიოზულად და არაერთხელ დაარღვიეს მოლდოვის აუდიოვიზუალური მომსახურების კოდექსი უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე ინფორმაციების ტრანსლაციის დროს, - ნათქვამია მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, ნატალია გავრილიცას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

მისი სიტყვებით, საგანგებო სიტუაციების ნაციონალური კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია „ქვეყნის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კორუმპირებული და განსაკუთრებით საშიში ელემენტების პროპაგანდისა და მანიპულაციების აღმოფხვრისკენ ქვეყნის ცხოვრებაში ამ განსაკუთრებით რთული პერიოდში“.

ერთ-ერთი ტელეარხი, რომელსაც მოლდოვაში ლიცენზია დროებით შეუჩერდა, TV6-ია, რომელმაც მთავრობის გადაწყვეტილებას „აზრის თავისუფლად გამოხატვაზე, სარედაქციო და ჟურნალისტურ საქმიანობაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდა.

ტელეარხი, რომელიც ილან შორს ეკუთვნის, კომისიის მიერ წამოყენებულ არგუმენტებს საფუძველმოკლებულს უწოდებს.

  • მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილების ფონია მოლდოვაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციები, რომლებიც 18 სექტემბრიდან ყოველ კვირა დღეს იმართება. აქციების მთავარი ორგანიზატორია დევნილობაში მყოფი ოლიგარქი და პარტია „შორის“ ლიდერი, ილან შორი, რომელიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია და მიმალვაში საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობს აქციებს.
  • ოლიგარქი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი თანხების დატაცების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, თავის მომხრეებს იაფ გაზსა და ელექტროენერგიას, ღირსეულ ხელფასებსა და პენსიებს და რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლებას ჰპირდება. პერმანენტული აქციების დროს რამდენჯერმე მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.
  • ქუჩის აქციების ფონზე მოლდოვის მთავრობა ცდილობს გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ პრობლემებს, რაცმკიდევ უფრო გაართულა მეზობელ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომმა;
  • 21 ნოემბერს პარიზში, მოლდოვის დასახმარებლად გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად კიშინიოვს 100 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას დაჰპირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG