Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დაიწვა ევროკავშირის წარმომადგენლობის კომპლექსი


ცენტრალური აფრიკის დედაქალაქი ბანგი. 2016 წ.
ცენტრალური აფრიკის დედაქალაქი ბანგი. 2016 წ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში წუხელ დაიწვა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობათა კომპლექსი. ამის შესახებ ტვიტერში იტყობინება ევროკავშირის ელჩი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დაგლეს კარპენტერი. მისი თქმით, არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით არ იტყობინებიან ხანძრის მიზეზების შესახებ.

ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა სავარაუდო თავდასხმა ბანგიში რუსეთის კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“ ხელმძღვანელზე, დმიტრი სიტიზე. რუსეთის საელჩო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იტყობინებოდნენ, რომ სიტის ხელში აუფეთქდა ფოსტით მიღებული გზავნილი.

თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ორშაბათს rbc-მ განაცხადა, რომ გადაწყვიტეს მისი მოსკოვში სამკურნალოდ წაყვანა, ვინაიდან ის კვლავაც მძიმე მდგომარეობაშია.

პრიგოჟინმა თავდასხმის ორგანიზებაში ბრალი დასდო „ფრანგებს“. ის ამტკიცებს, რომ სიტიმ ადრე მიიღო წერილი მოწოდებით, რომ „რუსები წაეთრიონ აფრიკიდან“ და მუქარით საფრანგეთში მცხოვრები მისი ვაჟის მიმართ. პრიგოჟინმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, საფრანგეთი აღიაროს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. ევროკავშირის მისიაში ხანძრის თაობაზე პრიგოჟინს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი.

სიტის გვარი ადრე ჟურნალისტურ გამოძიებებში ფიგურირებდა პრიგოჟინთან დაკავშირებული სტრუქტურების კონტექსტში.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. უკანასკნელ წლებში ხელმძღვანელობამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში ოფიციალურად იმყოფებიან რუსეთის სამხედრო ინსტრუქტორები.

XS
SM
MD
LG