Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს ყიდულობს


Airbus Helicopters H145
Airbus Helicopters H145

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ფრანგული წარმოების სამ შვეულმფრენს ყიდულობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება უკვე დადებულია - დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე და Airbus Helicopters-ის წარმომადგენელი რომეინ ლანა.

ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო უჯდება. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5 500 000 ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს ("სუპერ პუმას"), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ის "წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვისაა შესყიდული".

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ამბობს, რომ პირველი ახალი ვერტმფრენი ქვეყანას 17 თვეში ეყოლება, მეორე - 19 თვეში, მესამე - 20 თვეში.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

"იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო ახორციელებს საჰაერო უშიშროების და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპლექსური ამოცანების შესრულებას და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგს, ძებნას, საჰაერო თვალთვალს და პატრულირებას, პირადი შემადგენლობის გადაყვანას, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განხორციელებას, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას, ხანძრების ლიკვიდაციაზე რეაგირებას, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებში მონაწილეობას, სტიქიური უბედურების დროს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით, მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას, ზემოაღნიშნული 3 ერთეული ვერტმფრენის შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ხასიათს", - წერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ნაწილი მოძველებულია, ასევე მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მათი გეგმიური რემონტის ჩატარება და მარაგი ნაწილების მოძიება".

ახალი შვეულმფრენების შესაძენად დადებული კონტრაქტის ღირებულებაში გათვალისწინებულია პილოტებისა და ინჟინრების გადამზადება, მარაგი ნაწილების შეძენა და 3-წლიან საქარხნო გარანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG